სმარტფონი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული, უკვე იქცა ფოტოაპარატად, ვიდეო კამერად, საფულედ და ამიერიდან ამ სიას მანქანის გასაღებიც დაემატება. BMW Group-მა დააანონსა საფირმო ოფცია Digital Key, რომელიც iOS-ის და Android-ის მომხმარებლებს ელექტრონული გასაღების გამოყენების საშუალებას მისცემს. ამასთან, გასაღებების გაცვლას სხვადასხვა პლატფორმების მქონე სმარტფონების მფლობელები შეძლებენ.
ამიერიდან გასაღების გაგზავნა ელექტრონული ფოსტით იქნება შესაძლებელი, BMW-ს მფლობელები გასაღების გაგზავნას SMS-ით თუ Whatsapp-ითაც უპრობლემოდ შეძლებენ.
რიგ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ავტომობილში აქტივაციის კოდის შეყვანა იქნება საჭირო, რომელიც გასაღების მფლობელმა ადრესატს სხვა არხით უნდა გაუგზავნოს.