ბობოყვათში ადგილობრივებმა სადავო ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და პროტესტისთვის 24 საათიანი მორიგეობა დააწესეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს
როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა აუქციონის შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა, ამიტომ ახლა პროტესტით უნდათ სავარაუდო ინვესტორს გააგებინონ, რომ მიწა მათ ეკუთვნით.
ბობოყვათის სანაპიროსთან არსებულ 28 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ადგილობრივებს საკუთრების უფლების აღდგენა სურთ.
ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ წინაპრებს ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის შემდეგ რუსეთის იმპერიის დროს ეკუთვნოდათ.
საკუთრების უფლება კი ბოლშევიკებმა ჩამოართვეს.
დღეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიწების საკუთრებაში დაბრუნება 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სცადეს და ნაწილობრივ დაიბრუნეს კიდეც. თუმცა ახლა სადავო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთია, რომლის გასხვისებას აუქციონის წესით ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს საინვესტიციო პირობით.