Georgian Airways-ს უკვე ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. მეწარმეთა რეესტრში ქართული ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორად დავით გაიაშვილია რეგისტრირებული, რომელიც ამავე დროს, ავიაკომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია.
აღსანიშნავია, რომ გაიაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე რომან ბოკერია ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელმა თანამდებობა 8 ოქტომბერს დატოვა. „მადლობა მინდა გადავუხადო ლეგენდარულ „ჯორჯიან ეარვეისის“ გმირულ კოლექტივს და ბატონ თამაზ გაიაშვილს თანამშრომლობისათვის. დღევანდელი დღიდან, ვტოვებ ჩემს თანამდებობას „აირზენაში“ და გადავდივარ ქართულ-ამერიკული კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ www.business-brokerage.com პრეზიდენტად სამუშაოდ. Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა www.IBBA.org და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით“, – წერდა რამდენიმე დღის წინ ბოკერია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის თანამდებობას რომან ბოკერია 2019 წლიდან იკავებდა.