„დღეს ვიყავი თბილისის ზოოპარკში, რომ ლაშა ბექაურისთვის ჩამორთმეული ლომის ბოკვერის შესახებ დეტალები გამეგო. ბოკვერი თურმე წუხელ ცუდად გახდა და გადასხმა დასჭირდა, მაგრამ დღეს უკეთესადაა“, – ამის შესახებ ჟურნალისტი და რეჟისორი ცირა გვასალია სოციალურ ქსელში წერს და ზოოპარკის დირექტორისა და ლომის ბოკვერის ფოტოს აქვეყნებს.
„ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“ – ლაშა ბექაური
„მე რომ მივედი, კიდეც კნაოდა, მაგრამ თავს ევლებოდა ახალგაზრდა ვეტერინარი სანდრო ბაგათელია, რომელიც კუჭის არეს უმასაჟებდა, რომ შეკრულობა შეემსუბუქებინა. ბოკვერს ზოოპარკის ვეტარინარების 24-საათიანი ზედამხედველობა სჭირდება და ამჟამად დირექტორის კაბინეტშია გამწესებული, რადგან ზოოპარკის ახალი ვეტ-კლინიკა ახლა შენდება თბილისის ზღვაზე.
ზოოპარკის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ გურიელიძემ მითხრა, რომ ზოოპარკში რომ არ მოეყვანათ, ძუ ლომის ეს ბოკვერი, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, მალე დაიღუპებოდა.
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტსა და თბილისის ზოოპარკს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რის თანახმადაც, ბოკვერის შენახვის ოფიციალური ნებართვა თბილისის ზოოპარკს აქვს აღებული და ის დარჩება იქ.
ბატონმა ზურამ თქვა, რომ მართალია, ეს შემთხვევა გახმაურდა, რადგან ლაშამ თვითონ გამოდო თავის ინსტაგრამის ანგარიშზე მასთან სეირნობის ფოტო, მაგრამ ეს არაა გამონაკლისი შემთხვევა: მისი თქმით, არაერთი საერთაშორისო კონვენციით დაცული სახეობა მოჰყავთ ზოოპარკში ბოლო თვეების განმავლობაში „ჩასაბარებლად“, მათ შორის, პრიმატები [მაიმუნები] და მოლაპარაკე თუთიყუშები, რაც სავარაუდო კონტრაბანდის ნიშნებია, მაგრამ გაუხმაურებელი.
თუ რა უჯდება ლომების შენახვა ზოოპარკს წლიურად და სხვა დეტალებზე ლინკს დავამატებ, როგორც კი გავშიფრავ და დავამუშავებ მასთან ინტერვიუს მასალას“, – წერს ჟურნალისტი ცირა გვასალია სოციალურ ქსელში.
დღეს ვიყავი თბილისის ზოოპარკში, რომ ლაშა ბექაურისთვის ჩამორთმეული ლომის ბოკვერის შესახებ დეტალები გამეგო. ბოკვერი თურმე…
Posted by Tsira Gvasalia on პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024