LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლნისელ მეღვინეებს აქვთ ამბიცია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ ღვინოები“ – რა იგეგმება ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე

481
ღვინო (3)

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება. 17 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებას სლოგანი – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებს.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად იმართება. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ფესტივალის წარმდგენია „არემჯი“.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ნატალი ნოზაძე ამბობს, დღე მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. სტუმრებს ღონისძიებაზე მისვლა 2 საათიდან შეუძლიათ.

„ჩვენი კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოპერირებს. შესაბამისად, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა რეგიონში ბევრი პროექტის მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ 2018 წლიდან დავიწყეთ ბოლნისელ მეღვინეებთან თანამშრომლობა და ეს ფესტივალი 5-წლიანი თანამშრომლობის შედეგია. ბოლნისი იქნება ლოკაციის აღმნიშვნელი სიტყვა, ღვინოები კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იქნება წარმოდგენილი. საქართველოში სულ დაცული ადგილწარმოშობის 29 ღვინო არსებობს და 2019 წელს ბოლნისი შეუერთდა ამ სიას. საქპატენტმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ბოლნისის ადგილწარმოშობა. როდესაც საუბარია დაცული ადგილწარმოშობის ღვინოზე, ეს ერთგვარად წარმოადგენს მაღალი ხარისხის გარანტს“, – ამბობს ნატალი ნოზაძე.

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 70-მდე მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იქნება წარმოდგენილი, ღონისძიების ფარგლებში კი ჩატარდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელსაც ადგილობრივი და ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდება  ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები.

ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში,  გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში, წისქვილის ქ. #8-ში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა.

„ფესტივალი ბოლნისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლნისის ადგილწარმოშობა არის ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც საქართველოს ბაზარზე ფეხს იკიდებს და არა მარტო ქართულ ბაზარზე იმიტომ, რომ ბოლნისელ მეღვინეებს აქვთ იმის ამბიცია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ საკუთარი ღვინოები. შესაბამისად, ამ დღეს მიღებული სტუმრები, საერთაშორისო დაინტერესება, მნიშვნელოვანი იქნება ბოლნისური ღვინოების სამომავლო განვითარებისთვის, პოპულარიზაციისთვის. ფესტივალისთვის სპეციალურად ჩამოვიდნენ სომელიეები და ღვინის მწერლები ამერიკიდან, რომლებიც იქნებიან ჟიურის წევრები და ღვინოების კონკურსზე საუკეთესო ღვინოებს გამოავლენენ. ქართულ-გერმანული სახლი კი იქნება ის სივრცე, სადაც ბოლნისური მცირე ტიპის მარნები შეძლებენ საკუთარ ღვინოების ყოველდღიურ რეჟიმში წარმოდგენას მისული სტუმრებისთვის, დეგუსტაციების გამართვას. ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაცია, რომელიც დაემატება ქართული ღვინის რუკას“, – აღნიშნა ნატალი ნოზაძემ „ბიზნესნიუსის“ ეთერში.

ფესტივალის ფარგლებში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში სომელიეს მასტერკლასი, ქართული ღვინის შესახებ გამოცემული წიგნის განხილვა და ღვინის სამაგიდო თამაშები გაიმართება. ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურება.

„არემჯის“ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისი უკვე მესამე წელია მასპინძლობს ღვინის ღონისძიებებს, რომელიც წელს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალის სახელით ჩატარდება.

ფესტივალის მხარდამჭერები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი.

 

magti 5g