საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – „ევროპის წლის მუზეუმი – 2022″ ფინალურ ნომინანტად დასახელდა.
7 მაისს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2022) დაჯილდოების ცერემონია, სადაც ბოლნისის მუზეუმს გადაეცა დიპლომი – „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით. ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო წარმოაჩენს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია.
კონკურსზე პირველად საქართველო 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით წარსდგა და ევროპის საუკეთესო მუზეუმების კანდიდატთა შორის დასახელდა.