ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ, ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავა, – ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად პირის მიმართ დამამძიმებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, იმ პირთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა, რომელთაც 16 წლის მოზარდი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დღეს დაზარალებულმა ერთი პოლიციელი ამოიცნო, გასულ კვირას კი – სამი.
არასრულწლოვნის ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და სექსუალური ძალადობის მუქარაში, მინიმუმ 7 სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, დღეს ამოცნობილმა პოლიციელმა კონსტანტინე ქოჩიშვილმა, არასრულწლოვანს წიხლი ჩაარტყა, სკამიდან გადააგდო და ხელი მოტეხა.
16 წლის მოზარდი, ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც ის აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.
