ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარებს.
ამჟამად, მოსახლეობას წყალი 7-8-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1821 ოჯახს დაუმონტაჟდა წყლის მრიცხველები, მიმდინარეობს სამი რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაგეგმილია საქლორატორო ნაგებობის მშენებლობა.
პროექტი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
პროექტს შპს ,,ჯავა“ ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას – „საქართველოსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცემა.