PMC Research-ის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
როგორც PMC Research-ში განმარტავენ, 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში, წლის პირველი ნახევარში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობაა.
„საქსტატმა ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება და რამდენიმე კომპანიაში საკუთრების არარეზიდენტიდან რეზიდენტ ერთეულებზე გადაცემა დაასახელა. საქართველოს ეკონომიკამ პანდემიით გამოწვეული ვარდნისგან აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს კრიზისი კვლავაც რჩება 2021 წელს FDI-ის შემოდინების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად“, – ნათქვამია PMC Research-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობითვე, 2017 წლიდან მოყოლებული ინვესტიციები უმეტესწილად მოდის არავაჭრობად სექტორებზე, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ენერგეტიკა და უძრავი ქონება. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ სექტორებმა ჯამურად მთლიანი ინვესტიციის 62% მიიღეს. FDI ვაჭრობად სექტორებში, კერძოდ სოფლის მეურნეობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში (მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მრეწველობაში) კი გაცილებით მცირეა. 2017 წლიდან დაგროვილი FDI-ის გათვალისწინებით (stock FDI), ინვესტიციების მხოლოდ 0.3% განხორციელდა სოფლის მეურნეობაში და 8.9% მრეწველობაში. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების სიმცირე შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოელების მიერ მიწის ფლობის გამკაცრებულ რეგულაციებთან.
„ზოგადად, პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა იქონია ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაზე. 2020 წელს საქართველოში 2005 წლიდან დაფიქსირებული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა შემოვიდა: 572 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 57%-ით ნაკლებია. ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში (-34%) ან განვითარებად ქვეყნებში (-8%)2. განვითარებად ეკონომიკებში უფრო ზომიერი საშუალო კლება ძირითადად განპირობებული იყო აზიაში FDI-ის მდგრადი შედინებით (ჩინეთში შედინების ზრდაც კი დაფიქსირდა). თუმცა პანდემიისგან მიღებულ ამ მძიმე დარტყმამდეც, საქართველოში უკვე შეინიშნებოდა FDI-ის კლების ტენდენცია. თუ 2014 წელს საქართველოში FDI-მოცულობა 1,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,3 მლრდ აშშ დოლარი ანუ 27%-ით ნაკლები იყო. საერთო ჯამში, COVID-19-ის პანდემიამ მხოლოდ გაამწვავა ის პრობლემები და ეკონომიკური სისუსტეები, რაც უკვე იწვევდა საქართველოში FDI-ის შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად 2019 წელს შემცირება დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროგრამის განახლების დასრულებასთან, რაც BP-ის ინვესტიციების შემცირებაში გამოიხატა. ეს კი მიუთითებს რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეულ პროექტებზე.
საქართველოში FDI-ის შემოდინების მაჩვენებლები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით აჩვენებს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების 91.9% შემოვიდა მხოლოდ ხუთი ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი (45.2%), თურქეთი (26.2%), ჩეხეთი (12.3%). რუსეთი (10,5%) და ნიდერლანდები (10,1%). ეს ნიშნავს, რომ საქართველოში FDI-ი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. დიდი ბრიტანეთიდან ინვესტიციები, სავარაუდოდ, ძირითადად შემოდის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ბანკის, საქართველოს ბანკის რეინვესტიციის სახით, რადგან ბანკი რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში“, – აცხადებენ PMC Research-ში.