LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში 183 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა: “ვერ გეტყვით, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია”

130
BeFunky-collage - 2020-11-06T145646.915

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელეს, ამიტომ ფიქრობს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ამასთან, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას ჯანდაცვის კუთხით კოლაფსი არ აქვს.

“ვერ გეტყვით, რომ დღეს კოლაფსია ჯანდაცვის სისტემის. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას უძლებს, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ კარგად უნდა იქნეს დაცული ბალანსი”- აცხადებს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გლობალურად ეპიდსიტუაცია ძალიან დაძაბულია. მეტიც, მომდევნო თვეებში ევროპის რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

„ახალი შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 49 მილიონს გადააჭარბა. ჯანმომ თქვა, რომ ნიღბის საყოველთაო ტარებით შეგვიძლია თებერვლისთვის ავიცილოთ 244 000 დამატებითი სიკვდილი. ანუ, თუ ყველა ვატარებთ ნიღაბს ჩვენს ქვეყნებში, შეგვიძლია ევროპის ქვეყნებში 244 ათასი დამატებითი სიკვდილიანობა ავიცილოთ.“- თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას, გამყრელიძის განმარტებით, კორონაპანდემიასთან ბრძოლის ათთვიანი ისტორიის მანძილზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო, განსაკუთრებით საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი.

“ახალი შემთხვევებიდან 74%-ი არის სიმპტომიანი ადამიანები. ამავადროულად, ისევ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში, 183 შემთხვევა გვქონდა. ამიტომ იყო მოწოდება, რომ მაქსიმალურად იქნეს მობილიზებული სამედიცინო კორპუსი. იგივე სტომატოლოგები, სტუდენტები მე-5, მე-6 კურსის. ჩვენ შევდივართ გარკვეულ ზღვარზე ეპიდსიტუაციის და ეს პროცესი სამართავია,”- განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის გაზრდაზე მუშაობს: ყველაზე კრიტიკული სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა