LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან..“ – სოხუმში დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ამბის გაგრძელება

2074
ემზარ ჯღარკავა

ნინო კვარაცხელიასა და და ემზარ ჯღარკავას სოხუმში დაწყებული 40-წლიანი სიყვარულის ისტორიამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ძნელია, ცრემლების გარეშე მოისმინო ამბავი, რომელიც მომავალ წელს ზღაპრულად, ანუ ქორწილით დასრულდება.

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან და რომ მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს“. – ამბობს „ფორტუნასთან“ ლამაზი სიყვარულის ისტორიის გმირი, ემზარ ჯღარკავა.

40 წლის წინ დაწყებულ სიყვარულის ისტორიაზე საუბრისას, ემზარი აღნიშნავს, რომ ყველაფერს სოხუმს უმადლის, რადგან რაც კარგი მომხდარა მის ცხოვრებაში, ამ ქალაქს უკავშირდება. 

„ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი სოხუმს უკავშირდება.

1982 წელს მარტვილიდან სოხუმში გადავედი სასწავლებლად. მეცხრე კლასში ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს მეგობართან ერთად ვსეირნობდი და სასტუმრო „თბილისთან“  ნინო შემომხვდა. თავის კლასელებთან ერთად იყო. ჩემი მეგობარი მის კლასელებს იცნობდა და გავესაუბრეთ.

მაშინვე გულმა მიგრძნო, რომ ის გოგო ერთ დროს ჩემი გახდებოდა. მერე ნინოს სახლის ტელეფონის ნომერი გავიგე, დავურეკე ერთ მშვენიერ დღეს (უფრო სწორედ ღამე იყო). პირდაპირ ვუთხარი, ის ბიჭი ვარ, შენ რომ მთელი ცხოვრება ელოდი, მოვედი-მეთქი. დავაინტრიგე.

 

 

შემხვდა, ჩამხედა თვალებში, დიდხანს მიყურა და მერე თმაზე ხელი გადამისვა. ამით თითქოს ყველაფერი ნათქვამი იყო. იმ დღეს რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად, კაფეში ვისხედით და შემდეგ სახლთან ახლოს მივაცილე.

ვერ გეტყვით, რომ ყოველ დღე ვხვდებოდით. უფრო სატელეფონო საუბრები გვქონდა.

სოხუმში ახალი ჩასული ვიყავი, რომ გავიკითხე, ბევრ ბიჭს უყვარდა, მაგრამ მთავარია, ნინოს მე ვუყვარდი და ხომ არ ვიყვირებდი, ეს გოგო ჩემია-თქო.

ყველაზე ცუდი ზაფხულის პერიოდი იყო ხოლმე, როცა არდადეგები იწყებოდა და მარტვილში მოვდიოდი. ნინოს სოხუმთან ახლოს, განახლებაში ჰქონდა სოფელი.

ზაფხულის თვეები ნინოს ნახვის გარეშე რთულად  გადასატანი იყო.

შემდეგ სექტემბრიდან თავიდან იწყებოდა შეხვედრები, დავდიოდით  პარკში, კაფეებსა და ბიბლიოთეკაში…“, – იხსენებს ჯღარკავა „ფორტუნასთან“.

ემზარ ჯღარკავა გვიყვება, რომ მათ დაშორებაში ჯარში წასვლამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. 

„როცა სკოლა დავამთავრე, პირველ წელს უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოვეწყვე.

ნინო მოეწყო. ვიფიქრე, სამხედრო სავალდებულო სამსახური მაინც უნდა მოვიხადო-თქო და ჯარში წავედი.

თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ვარ. ჯარს ვერ შევეგუე ჯარს. სხვადასხვა ნაწილში გადავყავდი. ძალიან ბევრი ბატალიონი მაქვს გამოცვლილი.

ბოლოს, სამი წლით დისციპლინარულ ბატალიონში გამამწესეს. ეს დასჯის ერთგვარი მეთოდი იყო. წერილის მოწერის უფლება არ მქონდა და ერთმანეთის კოორდინატები დავკარგეთ. ამ პერიოდში ნინო მოიტაცეს“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ჯღარკავა.

 

 

 

სოხუმში, ჯარიდან ომამდე დაბრუნებულმა ჯღარკავამ გაიგო, რომ ნინოს ბავშვიც ჰყავდა. 

„გადავწყვიტე, მენახა, მაგრამ არ მინდოდა მისთვის პრობლემები შემექმნა.

დავბრუნდი მარტვილში. ომში მონაწილეობა არ მიმიღია. სწავლა თბილისში გავაგრძელე. მაშინ ნინოც თბილისში იყო, მაგრამ ერთმანეთს არ შევხვედრივართ.

მეც შევქმენი ოჯახი, სამი შვილი მყავს – ორი გოგო და ერთი ბიჭი, ნინოს ერთი გოგო ჰყავს. მეუღლეს ვერ გავუგე. ბავშვებიც ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთს ვერ ვუგებდით.

ნინო ომის შემდეგ ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა, მერე საქართველოში ჩამოსულან, მაგრამ მის შესახებ აღარაფერი ვიცოდი.

როგორც კი სოციალური ქსელები გაჩნდა, ნინოს ძებნა დავიწყე.

„ოდნოკლასნიკებშიც“ ვეძებე, ჩემ ნინოს ვერ ვპოულობდი, იცით, რამდენი ნინო კვარაცხელიაა, ზოგი უცხოეთში, ზოგი საქართველოში ცხოვრობს. ვიფიქრე, შეიძლება, ქმრის გვარზე ყოფილიყო.

2022 წლის გაზაფხულზე, შემთხვევით ვნახე ფეისბუკზე და მაშინვე გულმა მითხრა, რომ ჩემი ნინო იყო “, – იხსენებს ჯღარკავა.

 

 

 

როგორც ემზარი ჯღარკავა „ფორტუნასთან“ ამბობს, ნინო საქართველოში მომავალ წელს ჩამოვა და აუცილებლად იქორწინებენ.

„ნინო ჩემმა შვილებმა კარგად მიიღეს. ფეისბუკზე მეგობრობენ.

ჩემი შვილები საქართველოში არ არიან. ბიჭი იტალიაშია, გოგო საბერძნეთში. მომავალ წელს ჩამოვლენ. მგონი ნინო და ჩემი შვილები ერთდროულად ჩამოვლენ საქართველოში.

 

 

ბევრი მეუბნება, რაღა ნინო ჩამოდის, არ ჯობდა, შენ წასულიყავი ამერიკაშიო, თუმცა მე ამის სურვილი არ გამჩენია. არც ნინოს აქვს ამერიკაში დარჩენის სურვილი. ვერ შეეგუა ამერიკას, საქართველოში უნდა ჩამოსვლა.

ვაპირებთ, მარტვილში დავსაქმდეთ. დიდი იმედი მაქვს, სოხუმშიც დავბრუნდებით.“ – ამბობს ემზარ ჯღარკავა.

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g