შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დავაკავეთ. დაკავებულთაგან – 5 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, სულ ამოღებულია: 2750 აბი „ექსტაზი“, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი „სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, 13,6827 გრამი ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, 10 აბი „მეტადონი“, 5,1432 გრამი მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5765 გრამი კოდეინის მარილი, 2,9731 გრამი მორფინის მარილი, 1,1514 გრამი „თებაინი“, 1 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ და სხვა ნარკოტიკი.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში არსებული სეიფიდან, 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“ და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაზახეთის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბრაზილიიდან დუბაის გავლით, საქართველოში ჩამოფრინდა. პოლიციამ, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 676,1448 გრამი კოკაინის შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დავაკავეთ. დაკავებულთაგან – 5 ნარკორეალიზატორია,”- აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.
