LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო შანსი ევროპიდან?! – საშინაო დავალება მიღებულია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კი გადადებული / რა მოხდა ბრიუსელში და როგორ უნდა გამოვიყენოთ მოცემული ბოლო შესაძლებლობა

216
eu georgia

სანამ საქართველოში ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი წლის ბოლომდე დარჩენილ დროს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევს და თვლის, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე შესასრულებელი 12 პუნქტი სწორედ შემდეგ თვეებში უნდა მოვასწროთ, სანამ ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულებას აანონსებს, ამასობაში ევროპამ მოულოდნელად სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ბრიუსელში, სადაც ევროპარლამენტარები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული ანგარიშის პროექტს განიხილავდნენ,  სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა, მიხაილ როპმა თქვა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასების ანგარიშს 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენენ, მაშინ, როდესაც 17 ივნისს გამოქვეყნებული თვალსაზრისის მიხედვით შეფასება  2022 წლის ბოლოს იგეგმებოდა. 

როპმა მიზეზები დეტალურად ახსნა. მანამდე ევროპარლამენტარებმა მწვავე ანგარიში წაიკითხეს და არანაკლებ მწვავე განცხადებები გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, რატომ გადაიდო პროცესი 2023 წლის ბოლომდე, ნიშნავს თუ არა ეს ქვეყნისთვის მიცემულ ბოლო შანსს და რაც მთავარია, ახლა როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რათა ევროპის ფანჯარა საბოლოოდ არ დაიხუროს. ამ თემაზე საერთაშორისო ექსპერტები ჩავწერეთ, თუმცა მანამდე, ყველაფერს მივყვეთ ქრონოლოგიურად.

 

რა მოხდა ბრიუსელში

 

ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ როპმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს მუყაითად, ღრმად და გულდასმით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომაც, გულდასმით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, მიუსხდნენ ერთ მაგიდას რეფორმებზე დეტალურად სამუშაოდ და ჩვენ, როგორც ევროპულმა კომისიამ გვთხოვა, საპასუხო ანგარიშს პრიორიტეტებზე [12 პირობაზე] წარვადგენთ 2023 წლის გაფართოების პაკეტში. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს სათანადო დროს, გულდასმით იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე”. 

მანამდე კი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ყოველწლიური ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია და მოიცავს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ და ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ დამტკიცებულ 12 რეკომენდაციაშია ასახული. მათ შორის არის პოლარიზაციის დაძლევა და პოლიტიკური დიალოგი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია და სხვა. განსაკუთრებით მწვავე იყო რასა იუკნევიჩიანე, რომელმაც გადაწყვიტა სიტყვა დეოლიგარქიზაცია განემარტა.

„საქართველო ერთი ადამიანის მძევალია. თუკი “ქართულ ოცნებას” არ ესმის, რა არის დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის რეკომენდაციაში, მე დავეხმარები, რომ გაიგონ: ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ანდა დეივანიშვილიზაციას. ეს არის ის, რაც საქართველოს ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის მძევალი. პარლამენტში ჩვენ დავამტკიცეთ რეზოლუცია, რომელშიც ნახსენები იყო სანქციები. არ უნდა დავანებოთ თავი ამ საკითხის წინ წაწევასა და მასზე ფიქრს. ასევე ჩვენი რეზოლუციისკენ კიდევ ერთხელ ვიპყრობ ევროკომისიისა და სხვა ინსტიტუციების ყურადღებას“, – თქვა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ევროდეპუტატმა, რასა იუკნევიჩიანემ (EPP). მისივე თქმით, საქართველოში არის „ძალიან კრემლისტური პოლიტიკა“, რომელიც ხელს აძლევს კრემლს – დააბრკოლოს საქართველოს ევროკავშირში მომავალი გაწევრიანება.

წუხილი და შეშფოთება პოლარიზაციის გამო - რა წერია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში?

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში წარადგინეს, რომელშიც მთელი რიგი მიმართულებით რეფორმების გატარების აუცილებლობაზეა საუბარი.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა კი განაცხადა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მმართველ გუნდს ერთი რამ მკაფიოდ უნდა უთხრან: “შეასრულეთ 12 პრიორიტეტი! ნათელია და მარტივი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შეიძლება იყოს უფრო მარტივი? ვფიქრობ, არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია და თქვენ არ შეგიძლიათ იმპროვიზება ამ პრიორიტეტებზე. ისინი კარგად არის დაწერილი, კარგად არის წარმოდგენილი, კარგად ახსნილი. მაგრამ, ვფიქრობ, საქმე გვაქვს გარკვეული ტიპის სისტემურ გამოწვევასთან, რომელიც კვლავ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში”, – თქვა აუსტრევიჩიუსმა.

ბიძინა ივანიშვილი 13 ივლისს სხვა ევროპარლამენტარებმაც ახსენეს და ახსენეს ასევე „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა სარკასტული უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ, თუკი დეკემბერში საქართველოში ომი დაიწყება, ქვეყანა გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

 

 

შეფასებები ხელისუფლებასა და ოპოზიციაში 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის განხილვის შემდეგ, მოუწოდა ევროპარლამენტარებს, რომ ნუ იქნებიან პოლარიზაციის პროცესის წამქეზებლები საქართველოში. კონკრეტულად, პოლარიზაციის წაქეზებად ის მიიჩნევს ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ, მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები.

ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას”, – თქვა პაპუაშვილმა.

როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ევროპარლამენტარებისგან გამოსვლებიდან ყველაზე მეტად იუკნევიჩიანეს განცხადებები არ მოეწონათ და აქცენტი მის სიტყვებზე გააკეთეს.

ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

“ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო.

მეორეც, მისი განცხადება ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები, არის მხოლოდ დამარცვლული სიტყვები, მათი დამარცვლული სიტყვები საქართველოში არავის სჭირდება”. – თქვა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიები ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მიცემულ შანსად აფასებენ. “ლელო საქართველოსთვის” წევრების თქმით, ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და ეს ვადა გამოყენებული უნდა იყოს წნეხისთვის. ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს“, – ამ განცხადებას კი “მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი აკეთებს.

“ეს არის შანსი, რომელიც არა პარტიამ , არამედ ქვეყანამ მიიღო”

 

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ევროპული პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ეს შანსი არა პოლიტიკოსებმა, არამედ ქვეყანამ მიიღო.

 

 

“იმ დისკუსიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ვნახეთ, ეს დრო ეძლევა ქვეყანას. ამაში მოიაზრება, როგორც ხელისუფლებაც, ოპოზიციაც , სამოქალაქო სექტორი. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა იმას, რა ხარისხით შესრულდება ეს 12 პუნქტი. ამ ვადამ იმიტომ გადაიწია, რომ საქართველოს მეტი დრო ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი პუნქტი მეტად სიღრმისეულად შესრულდეს. თუ ავიღებთ გამოსვლას, რაც მოვისმინეთ, მათი იდეა ისე იყო წარმოდგენილი, რომ რეფორმებისთვის მეტი დროა საჭირო. შესაძლებელია, დარჩენილი დრო არ იყოს ანუ საკმარისი. ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე დაეწიოს მოლდოვას და უკრაინას და მანაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს, შესაძლებელია, რომ ეს ნამდვილად იყოს შემაფერხებელი ევროინტეგრაციის გზაზე. აქ უკვე რამდენიმე მომენტია. არსებობს ინსტრუმენტები ამის შესრულების და ეს ბერკეტი ხელისუფლებას აქვს.

ერთადერთი, რაც არ ჩანს, ეს არის მკაცრი და ძლიერი პოლიტიკური ნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი როლი მნიშვნელოვანია. იგივე მოსახლეობას უნდა მიაწოდონ კონკრეტული გეგმა, როგორ შეასრულონ ეს 12 პუნქტი.

საინტერესოა, რამდენად მზად არიან ხელისუფლების გადანაწილების პროცესში, როგორ წარმოუდგენიათ. მათი მხრიდან მეტი აქცენტი არის დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციაზე, თუმცა არის ის სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები”, – ამბობს ჩხიკვაძე.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ შეფასების გადავადება და პროცესის გახანგრძლივება, თავისთავად, სამწუხარო ფაქტია საქართველოსთვის, რადგან „ყველა რეკომენდაციის შესრულება დროულადაც იყო შესაძლებელი“, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, მწვავე პოლარიზაციის ფონზე, შესაძლოა გადავადებამ მოსალოდნელი რისკები დააზღვიოს.

 

 

„ვადის გადაწევა ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება კარგიც არის – რადგან ჯერჯერობით არანაირი შანსი არ ჩანს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ეს 12 პუნქტი შევასრულოთ და ასეთ შემთხვევაში გადავურჩებით კიდევ ერთ უარყოფით ანგარიშს… როგორც ჩანს, ევროკომისიაში დაინახეს, რომ დეპოლარიზაციას ჯერ პირი არ უჩანს და მეტი დრო მისცეს საქართველოს… დეპოლარიზაცია მათთვის არის უმთავრესი ნაბიჯი იმისთვის, რომ შესრულდეს ყველა დანარჩენი რეკომენდაცია…“ -ამბობს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული ნეგატიური ანგარიშის შემთხვევაში, ევროკომისია შესაძლოა კიდევ წლები აღარ დაუბრუნდეს ამ საკითხს, რადგან „საქართველოს გარდა, მას კიდევ ძალიან ბევრი საქმე აქვს“.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია მომავალ კვირაში ესტუმრება საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად კი 2022 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათი განისაზღვრა. საინტერესოა, მომავალ კვირაში საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები რა განცხადებებს გააკეთებენ.

 

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ევროკავშირს: რას ნიშნავს შეფასების გადავადება და რა შეიძლება შეიცვალოს ერთ წელიწადში?

magti 5g