წლევანდელ ნოემბრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 12 ნოემბერს ბორჯღალოსნები იაპონიას ერკინებიან, ხოლო 19 ნოემბერს სამოას. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
26 ნოემბერს კი ჩენი ნაკრები წლის ბოლო საშემოდგომო ტესტის გასამართად კილმარნოკში, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შოტლანდიას ერკინება.
“როდესაც თამაში რთულდება, როდესაც წნეხის ქვეშ ვართ, სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა” – ამბობს მილტონ ჰეიგი.
სამწვრთნელო შტაბი და ბორჯღალოსნები წლევანდელი ნოემბრის ტესტებისთვის ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ ემზადებიან, როგორც მაშინ მილტონ ჰეიგმა განაცხადა, მიღებული შედეგებისა და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგში დაკავებული მე-11 ადგილის შემდეგ, აღებული ტემპი არის შესანარჩუნებელი და სწორე დაგეგმარებისა და მუშაობის შემთხვევაში 10-ეულში შესვლა რეალურია.
ვიდრე 7 ნოემბერს ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა გაიხსნება მსოფლიოში და საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ლეგიონერი და საქართველოში მოასპარეზე ბორჯღალოსნები სამდღიან შეკრებას საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართავენ. ტულუზაში ჰეიგის განკარგულებაში 37 მორაგბე იქნება, საიდანაც 30 უკვე თბილისურ შეკრებას შეუდგება.