ბორჯომში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო „Golden Tulip Borjomi“ (ყოფილი „ფირუზა“) გაიხსნა.
სასტუმროს ოპერირებას გაუწევს საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია „Golden Tulip“, რომელიც “Louvre Hotels Group”-ის ქსელში შედის.
შენობის აღდგენისა და მასში მაღალი კლასის სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
„Golden Tulip Borjomi“-ის სასტუმრო 16 ნომრიანია (2 ლუქსი და 14 სტანდარტული ნომერი). სასტუმროს მომსახურეობებში შევა რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, აუზი, საუნა, საპროცედურო ოთახი, სადაც მასაჟის გარდა, ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენებით სამკურნალო პროცედურები ჩატარდება.
სასტუმრო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
ქუმსიშვილმა აღდგენილი სასტუმრო დაათვალიერა, რომელიც 1892 წელს ირანის კონსულისთვისაა აშენებული და უნიკალური კულტურული ძეგლია არა მხოლოდ საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ინვესტორ კომპანიას „უორლდფაუნდ იუნივერსალს“ გაწეული საქმიანობისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ შენობის განახლება-რეკონსტრუქცია ყველა იმ პირობის გათვალისწინებით მოხდა, რომლის საშუალებითაც შენობას ისტორიული იერსახე და კულტურული ღირებულება შეუნარჩუნდა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის ორმოცდაერთი პროცენტია. დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს.
„ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.