საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – კლუბის ადმინისტრაციის განცხადებით, ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი, ზურა გელაშვილი ემსხვერპლა.
„ბორჯომში მომხდარ ავტოკატასტროფას ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ზურა გელაშვილი ემსხვერპლა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზურას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს“, – აღნიშნულია ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისათვის, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა – არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. არსებული ცნობითვე, გარდაიცვალა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბორჯომში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა