ევროკავშირის ლიდერებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
ევროკომისია გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის ისტორიულ მომენტად აფასებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი.
„დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია“, – დაწერა შარლ მიშელმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის მინიჭებაზე კვირის დასაწყისში შეთანხმდნენ. აქამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი იყო.
ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებული აქვთ ალბანეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, მონტენეგროს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.