სასტუმრო „რუსთავში“ ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის შესახებ 12 დღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანია ”ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. მასში ჩართულია 70-მდე ფერმერი და დაინტერესებული პირი, რომელთაც რეგისტრაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს.
როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა დასხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, ასევე ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მზის სათბურების მშენებლობის საკითხებზე.
სასწავლო კურსი კვლევითი ცენტრისა და კომპანია „ჰუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის – „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში მესამედ ხორციელდება.
სემინარის ფარგლებში, მონაწილეები სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მზის ერთსივრციან სათბურებს, ხოლო წილკანსა და ჯიღაურაში ცენტრის ექსპერიმენტულ ბაზებს დაათვალიერებენ და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობიან.
საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში კომპანია „ჰუნანის“ სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე აშენებულია მზის და ერთსივრციანი სათბურები (7 დიდი და 25 პატარა სათბური). ახალი ტექნოლოგიებით აშენებული და აღჭურვილი სათბურები სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისაა. აღნიშნულ ბაზაზე ქართველი ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან.