სამხრეთ აფრიკული ქვეყანა კონტინენტზე მოსახლე სპილოების პოპულაციის ერთი მესამედის სახლია, სწორედ ამიტომ ორმაგად შემაშფოთებელია ცნობები იმის შესახებ, რომ ბოტსვანაში სპილოები მასიურად იხოცებიან, მიზეზი კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
მაისის დასაწყისიდან ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტის ტერიტორიაზე 350-ზე მეტი სპილოს სხეული აღმოაჩინეს.
დოქტორ ნილ მაკკენის აზრით, ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა. აქამდე ამდენი სპილო ერთდროულად არ დახოცილა არც ერთი მიზეზით, გარდა გვალვისა, თუმცა ამჯერად გვალვა მიზეზი არ არის.
ქვეყნის მთავრობა შესაძლო მიზეზებიდან ბრაკონიერობასაც გამორიცხავს, რადგან ყველა სპილოს ეშვები ადგილზე ჰქონდა. გარდა ამისა, მიზეზი რომ ციანიდით მოწამვლა იყოს, რომელსაც ბრაკონიერები იყენებენ, არა მხოლოდ სპილოები დაიხოცებოდნენ, არამედ სხვა ცხოველებიც.
ამ ეტაპზე შესაბამისი პირები მოწამვლის ან რაიმე დაავადების ვერსიებზე მუშაობენ, ლაბორატორიული კვლევების შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.