რატომ არის სახლის კონსერვი მომაკვდინებელი? – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა mkurnali.ge-სთან ბოტულიზმის ფარულ ნიშნებსა და პრევენციაზე საუბრობს.
„ცუდად გახდომის შემთხვევაში, თუ ვიცით, რომ ადამიანმა სახლის პირობებში დამზადებული კონსერვირებული პროდუქტი მიირთვა, ეს უკვე საყურადღებოა. ამ დაავადებას ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე საათიდან ერთ კვირამდე აქვს, თუმცა საშუალოდ ეს არის ერთი-ორი დღე, რაც დამოკიდებულია ტოქსინის რაოდენობაზე.
პირველი სიმპტომები, შეიძლება იყოს საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე; გულისრევა, ღებინება, შეიძლება დიარეა. ასეთ დროს უკვე უნდა ავტეხოთ განგაში, თუ კონსერვირებული პროდუქტის მიღების შემდეგ დაიწყო ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, სადაც მოხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება და სწრაფად დაიწყება ბოტულიზმის საწინააღმდეგო მკურნალობა.
შემდეგი სიმპტომატიკა, რომელიც ზოგადი სიმპტომების შემდეგ ვლინდება, უფრო სპეციფიკურია. ყველაზე უფრო თვალსაჩინო, რაც შეიძლება არა ექიმმაც შენიშნოს, ეს არის ქუთუთოების ფტოზი – როდესაც ადამიანებს უჭირთ თვალების გახელა. შემდეგ მოდის უკვე საუბრის შენელება, კუნთების დამბლამდე, მძიმე შემთხვევებში ადამიანებს სუნთქვა უჭირთ და სჭირდებათ ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, როდესაც აქამდე მიდის კლინიკური სურათი, უკვე დაგვიანებულია. პირველი რეაგირება უნდა მოვახდინოთ ზოგადი სიმპტომების არსებობისას და ეჭვის მიტანა უნდა მოხდეს ანამნეზის საფუძველზე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ მიიღო ადამიანმა სახლის პირობებში დაკონსერვებული სხვადასხვა ბოსტნეული, ბაღჩეული, ან სახლის პირობებში შებოლილი თევზი, სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს“, – ამბობს ინფექციონისტი.
