LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნებისთვის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება

39

თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნებისთვის ბრიტანეთთან ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება, – შეთანხმებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის და დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარი მომლაპარაკებელია სარა კროფტის შეხვედრაზე მიაღწიეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მათივე ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ნაწილით.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს, საქართველოში მთავარი მომლაპარაკებლის ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით მხარეთა შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g