LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია „საქართველოს კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გადის

779
ბრიტანულ-ქართული აკადემია

შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად აკადემიის პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

კერძოდ, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“  პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

სააქციო საზოგადოების მხრიდან მემორანდუმისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიის“ პარტნიორმა ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა ხელშეკრულებიდან გასვლის შუამდგომლობით, სადაც ნათქვამია: „იმის გამო, რომ შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ (სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი) მიერ არ შესრულდა 2019 წლის 6 მაისის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია გადის 2019 წლის 30 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით“.

აკადემიის წილის 70%-ის მფლობელს დღეს, 29 მაისს, სურდა პარტნიორთა კრების გამართვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად სკოლის დამფუძნებელი პარტნიორის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ახალი დირექტორის დანიშვნა განიხილებოდა.

სასამართლოს განჩინების გამო პარტნიორთა კრებაზე „საქართველოს კაპიტალი“ მის მიერ ინიციირებულ ამ ან სხვა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს.

„სკოლის განვითარებას, ბავშვების ინტერესების დაცვასა და მათი უფლებების რეალიზებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრადიციულად მაღალ ხარისხში გავაგრძელებთ. რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, სკოლა მინიმუმ დაკარგავდა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, რომლის საფუძველზეც სკოლა მართვის კომპონენტში სამაგალითოდ არის აღიარებული. მე, როგორც დირექტორი და როგორც დამფუძნებელი პარტნიორი, გავაგრძელებ წარმატებულ ბრძოლას იმ მიზნების მისაღწევად, რაც სკოლას აქვს დასახული. სკოლის დაფუძნების დღიდან არ დამითმია და არც მომავალში დავთმობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს – მივცეთ სრულყოფილი განათლება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას!“ – აცხადებს შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები