ბრუცელოზი ადამიანისა და ცხოველის ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. უმთავრესად აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს, სახსრებს. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული ცხოველი (თხა, ცხვარი, ღორი, მსხვილფეხა რქოვანი საქონელი), რომელიც გამოყოფს ბრუცელებს აბორტის ან მშობიარობის დროს, აგრეთვე რძესთან, შარდთან და განავალთან ერთად. ადამიანს ემართება ბრუცელოზით დაავადებული საქონლის რძის დალევის, რძის ნაწარმის, ცუდად მოხარშული ან შემწვარი ხორცის ჭამის შედეგად. ორგანიზმში ბრუცელები შეიძლება მოხვდნენ აგრეთვე დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან ან კანიდან (იარა, ნაკაწრი), სასუნთქი გზებიდან და ა. შ. ავადდებიან უმეტესად დასენიანებულ ცხოველთან კონტაქტში მყოფი პირნი. კონტაქტური გზით ინფექციის გადაცემისას, ინფექციის გამომწვევი ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანისა და ლორწოვანის დაავადებული ცხოველის გამონაყოფებთან შეხებისას. იშვიათად, ინფიცირება ასევე შეიძლება მოხდეს ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვის ან სისხლის გადასხმის შედეგად.

სტატისტიკურად დაავადების გავრცელების მაღალი რისკია ივლისიდან-ოქტომბრის თვემდე პერიოდი. დაავადება საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება. ცხელება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, ავადობის გამომწვევი მიკრობები და მათი ტოქსინები ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ხვდება ლიმფურ ჯირკვლებში. ლიმფისა და სისხლის საშუალებით ისინი ვრცელდება ორგანიზმში. სწორედ ამის შემდეგ იწყებს დაავადება გამოვლენასა და პროგრესირებას. ბრუცელოზის დროს შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, ძილის რეჟიმის მოშლა, ემოციური დისბალანსი და უჩვეულო გაღიზიანება. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს მენინგიტით დასნებოვნებაზე. ასევე თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი, ბრონქიტი, პნევმონია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გართულებები, სახსრების ტკივილი.

ზოგჯერ, ბრუცელოზს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობას სჭირდება რამდენიმე წელი.
დიაგნოსტიკა ხდება ანამნეზისა და ლაბორატორიული კვლევების გათვალისწინებით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-ინფექციონისტს, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კურსის დასაგეგმად, თუ შენიშნავთ, რომ: სხეულის ტემპერატურა მკვეთრად გეზრდებათ, დისკომფორტს გიქმნით კუნთების ტკივილი, გრძნობთ სისუსტეს და ახლო წარსულში კონტაქტი გქონდათ ცხოველებთან.