LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბრწყინვალე ადამიანი იყო მუდამ კეთილგანწყობილი ღიმილით, მასთან ყველას უხაროდა შეხვედრა” – კომპოზიტორ ირაკლი გიგაურის შემოქმედებითი საღამო ,,არ დაიდარდოში”

19
gigauridueti119

5 ნოემბერს ,,არ დაიდარდოს” გადაცემაში “რადიო დუეტი თაკოსთან ერთად”, რომელიც კომპოზიტორს ირაკლი გიგაურს მიეძღვნა, მისი მეგობრებმა ჯემალ სეფიაშვილმა, ნუგზარ კვაშალმა, ვაჟა გიგაურმა და რეზო ასათიანმა სწორედ მის სიმღერებსა და მრავალფეროვან შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ირაკლი გიგაური 1937 წლის 5 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ხაშურში. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ ბატონმა ირაკლიმ კონსერვატორიაში ჩააბარა სასულე განყოფილებაზე, ტრომბონის კლასში. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მუსიკალურ განყოფილებაში ხმის რეჟისორად. მიღებული აქვს და მრავალი ჯილდო და პრემია, სოხუმის ტელევიზიის გახსნისა და პირველი ტრანსლაციისთვის. 1976-1980 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ანსამბლებთან საკონცერტო პროგრამებზე. გასტროლებით იმოგზაურა 114 ქვეყანაში, მისი ავტორობით შეიქმნა მრავალი საესტრადო სიმღერა, რამდენიმე ნაწარმოები სიმფონიური ორკესტრისთვის და მუსიკა მულტიპლიკაციური ფილმისთვის “გოგონა და ბატი”.

– ბატონო ვაჟა, რა თქმა უნდა, ძველი თაობა კარგად იცნობს ბატონი ირაკლის შემოქმედებას, ახლა მთავარია ახალგაზრდებს გავაცნოთ უნიჭიერესი კომპოზიტორი, რომელიც არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორია,

– მართლაც ძალიან ბევრია ისეთი სიმღერა, რომელიც მამამ შექმნა, თუმცა ზოგს ხალხური ჰგონია, ზოგი კი, სხვა კომპოზიტორს მიაწერს, ამიტომ ძალიან მახარებს რადიო “არ დაიდარდოს” ინიციატივა, რომელმაც ერთგვარი საღამო მიუძღვნა მამის შემოქმედებას. აქვე უღრმეს მადლობას გადავუხდი ჩვენს სტუმრებს, მამას მეგობრებს, რომელთაც ჩემთან ერთად გადაწყვიტეს მისი გახსენება.

– ბატონო რეზო, როგორ შეიქმნა კვარტეტი “თბილისი”?

– ბავშვობიდან ერთ ეზოში ვცხოვრობდით და ვმეგობრობდით. ყველას გვქონდა მუსიკალური სმენა, ამიტომ ფეხბურთის შემდეგაც ერთად ვმღეროდით. მოგვიანებით ტელევიზიაში მივედით, სადაც ერთ-ერთი მეგობრის და მუშაობდა. სწორედ იქ გავიცანით ბატონი ირაკლი, რომელსაც ძალიან მოვეწონეთ, შეგვაქო და სიმღერა “მოდი, დამხატე” მოგცა. ძალიან გაგვიჭირდა მისი ხმებში გაშლა, თუმცა მაინც შევძელით და ჩავწერეთ, რასაც მალე ახალი ნამუშევარი – რეზო ამაშუკელის ტექტსზე შექმნილი სიმღერა “მე ვარ თამადა” მოჰყვა, რომელმაც პოპულარობა მოგვიტანა. მოგვაინებით ჩვენს ტრიოს კიდევ ერთი წევრი – ჯემალ სიფიაშვილი შემოუერთდა. სხვათა შორის, ბატონ ჯემალის, ნუგზარის და ზურა კობეშავიძის დახმარებით ჩვენს სიმღერებს მოვუყარეთ თავი და 2 წლის წინ დისკი ჩავწერეთ, რომელიც არა გასაყიდად, არამედ ჩვენი შვილებისა და შვილისილებისთვის გამოვუშვით.

– ბატონო ჯემალ, როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა ბატონ ირაკლისთან?

– პირველ რიგში, დაგეთანხმებით და სინანულით აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდები მართლაც ცუდად იცნობენ ქართულ საესტრადო მუსიკას. ბატონი ირაკლი არაჩვეულებრივი, ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო. სწორედ მისგან ვისწავლე ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი სიყვარული და დახმარება. ჩვენს სფეროში მართლაც ძალიან ცოტა უთანაგრძნობს და გულშემატკივრობს ახალგაზრდებს. სწორედ ერთ-ერთი იყო ბატონი ირაკლი, ალექსანდრე ბასილაიასთან ერთად. ძალიან ახალგაზრდა მივედი ტელევიზიაში, სადაც კოხტა ჟღენტის წყალობით შევხვდი ბატონ ირაკლის და საკუთარი სიმღერა მოვასმენინე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა როცა მას შევხვდი, მერე კი, კვარტეტის ბიჭები გავიცანი და მართლაც საოცარი მუსიკალური ტანდემი შედგა. კიდევ უფრო გაგვაძლიერა ქალბატონ გალია ანჯაფარიძის შემომატებამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი, როგორც კომპოზიტორის აღიარება სწორედ კვარტეტის დამსახურებაა.

– ბატონო სოლომონ, თქვენ როგორ გაიხსენებთ ბატონ ირაკლის?

– ძველი ფილარმონიის შენობაში გვქონდა რეპეტიცია, როცა მეტად თავმდაბალი ახალგაზრდა მოვიდა და თავისი ნამუშევარი მოიტანა. მართალია, ძალიან მომეწონა სიმღერა, მაგრამ ტექსტმა გამაკვირვა, რადგან არა 20 წლის ბიჭის, არამედ გამოცდილი, დაბრძენებული კაცის სიტყვებს უფრო ჰგავდა. მოგვიანებით სიმღერა ჩაიწერა და ფირფიტაზე გამოიცა, 1990-იან წლების დასაწყისში კი, მე ჩავწერე ზურიკო ლალიაშვილის სტუდიაში და ერთგვარად პატივი მივაგე ბატონი ირაკლის ხსოვნას. კომპოზიციამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებული მოწონება კი, მონადირეებს შორის დაიმსახურა.

– ბატონო თემურ, თქვენ რომელ სიმღერას მიანიჭებთ უპირატესობას ბატონი ირაკლის შემოქმედებიდან?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ირაკლი ბრწყინვალე ადამიანი იყო მუდამ კეთილგანწყობილი ღიმილით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მასთან ყველას უხაროდა შეხვედრა. ერთმანეთი ტელევიზიაში გავიცანით, როცა მე საესტრადო გადაცემების რედაქტორი ვიყავი, ის კი, ხმის რეჟისორად მუშაობდა. საკმაოდ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და სიამოვნებით ვქმნიდით ახალ სიმღერებს, რომელთა შორის განსაკუთრებით “მოდი, დამხატე” და “გაზაფხული და შენ” მიყვარს.

– ბატონო ნუგზარ, თქვენ რით შეგაყვარათ თავი ბატონმა ირაკლიმ?

– ძალიან სხვანაირი, საოცრად გულღია კაცი იყო. ნებისმიერთან შეეძლო მეგობრობა ასაკის მიუხედავად და სწორედ ამიტომაა მისი სიმღერები ასე განსხვავებული და დასამახსოვრებელი.

 

კვარტეტი თბილისი – თამადა

 

ნუგზარ კვაშალი – პაპანაქება ზაფხულში

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ირაკლი გიგაურის შემოქმედება. სტუმრად ჯემალ სეფიაშვილი, ვაჟა გიგაური, ნუგზარ კვაშალი და რეზო ასათიანი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები