რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელის წევრები ზიკო ჯანელიძე, ლუკა ქალიაშვილი, გიორგი სოსელია, გიორგი ნადირაძე და კაპელის ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი სტუმრობდნენ სიმღერების „კვარაკუნჩხას“ და „ბლის კუნწულას“ პრემიერით.
ციცი ფალავანდიშვილი – ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ უმაღლესი დონის სპეციალისტებით, არამედ მუსიკალურობითაც გაითქვა სახელი. სწორედ იქ შეიქმნა პირველი ჯაზ-ორკესტრი, „ცისფერი ტრიო“, ჯგუფები „სიმი“, „თბილის“ და მრავალი სხვა. საბედნიეროდ, ახლაც ბრწყინვალე მუსიკოსები და ახალგაზრდები გვყავს, რომელთაც მხოლოდ სიყვარული, მოფერება და გვერდში დგომა სჭირდებათ.
სხვათა შორის, მე და გიგიმ ჯგუფის „მგზავრების“ სახელიც ერთად შევარჩიეთ. მართალია, რამდენიმე ვერსია გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ სწორედ „მგზავრებზე“ შევჩერდით, რამაც ძალიან გაამართლა. თუმცა, ჯგუფის წარმატება არა მხოლოდ მისმა შემოქმედებამ, არამედ ბიჭების მეგობრობამ განსაზღვრა.
ლუკა ქალიაშვილი – იმდენად სასიამოვნოა ციცისთან მუშაობა, რომ მუშაობასაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ ვერთობით, ვლაპარაკობთ და ამასობაში საქმე კეთდება. საერთოდ არ ვიცოდი სიმღერა, როცა კაპელაში მივედი, თუმცა ისე თბილად შემხვდა ციცი, რომ უცებ ავმღერდი.
:გიორგი სოსელია – როცა ციცის მიწვევით კაპელაში მივედი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი თბილი და შინაურული გარემო დამხვდებოდა. 60 წელია კაპელა არსებობს ციცის ხელმძღვანელობით და ყველა თაობას თავისი ისტორია აქვს, რადგან ჩვენ არა მხოლოდ ვმღერით ერთად, არამედ მეგობრებიც ვართ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ციცის, რომ უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გამაცნო.
გიორგი ნადირაძე – ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მეგობარმა შემომთავაზა საკუთარი შესაძლებლობების კაპელაში მოსინჯვა. რა თქმა უნდა, ძალიან თბილად დაგვხვდა ქალბატონი ციცი და ისე მოგვეწონა გარემო, რომ მას შემდეგ არცერთი რეპეტიცია არ გაგვიცდენია.
ზიკო ჯანელიძე – ციცი პრაქტიკულად მეორე დედაა ჩვენთვის. მისი დამსახურებაა, რომ კაპელას წევრები საუკეთესო მეგობრები ვართ და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნებით.
ციცი ფალავანდიშვილი – ზიკო მისმა დეიდაშვილმა გამაცნო, ზიკომ კი, ლუკა მოიყვანა, გიორგი მისი მამის წყალობით გავიცანი, რომელიც თავის დროზე კაპელაში მღეროდა, ახლა კი, ბათუმის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტია, დარწმუნებული ვიყავი, რომ აჩიკოს შვილი არაჩვეულებრივად იმღერებდა. მართალია, გიორგი ნადირაძემ სიმღერა არ იცოდა, მაგრამ სურვილი ჰქონდა ძალიან დიდი, ამიტომ ისიც სწრაფად ავამღერე.
კაპელას ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს, რადგან ბიჭები კლასიკურთან ერთად ფოლკლორულ ნაწარმოებებსაც ასრულებენ. მართალია, რთულია სხვადასხვა ჟანრში მუშაობა, მაგრამ ისეთი საინტერესოა ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომ შეუძლებელია არ მოინდომო და მაქსიმუმი არ გააკეთო. სხვათა შორის, მალე შვეიცარიაში გავემგზავრებით და ჟენევაში გავმართავთ კონცერტებს.
„ბლის კუნწულაზე“ მუშაობისას საკუთარი ვერსია მოვიფიქრე, რომელიც გიგის მოვასმენინე, რადგან ისაა სიმღერის ავტორი და პირველ რიგში მისი აზრი მაინტერესებდა. გამიხარდა, რომ მოეწონა, ამიტომ თამამად შემიძლია მისი წარდგენა.