პარლამენტთან პროტესტი განახლდა – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
რამდენიმე წუთის წინ BTU-ს სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ლექტორების ნაწილი ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობით მივიდა. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“