LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეს “დიდი შვიდეული” უმკაცრესად გმობს

59
დიდი შვიდეული

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები დაგმეს და განაცხადეს, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს.

სამოქალაქო პირების დაღუპვის, წამების მსხვერპლთა და სიკვდილით დასჯის ამსახველი შემზარავი სურათები, ასევე სექსუალური ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ცნობები აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ“, – ხაზგასმულია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

„დიდი შვიდეული“ აცხადებს, რომ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ჩაიწერება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების სიაში, რომელიც აგრესორის მიერ უკრაინის მიწაზე განხორციელდა.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. მათივე თქმით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი უნდა გარიცხონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები