LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუკ“-ის სისტემა, მრავალმილიონიანი შესყიდვით, თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო – აღნიშნული საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა“: თავდაცვის სამინისტრო

173
თავდაცვა buk m2-ზე

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება „ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა“, რაც უწყების ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკ“-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო.

„აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინის“ შესყიდვის მიზნით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მტკიცედ აგრძელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.

„რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია.“– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის დროებითი რწმუნებულის საქართველოში, ანდრი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკ“-ის სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობაზე.“– აღნიშნა ანდრი კასიანოვმა.

 

magti 5g