უკრაინამ რუსეთთან ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. რუსეთის ურყეობისა და უძლეველობის მითი ჩამოიმსხვრა, ისევე როგორც პუტინის იმიჯი და რეპუტაცია.
პუტინის თავდაცვის სისტემაში კორუფცია იყო გამეფებული. ამან კი თავი იჩინა, როდესაც საქმე მიდგა ტერიტორიების დაცვაზე. პუტინმა დაიწყო წმენდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ეს პრობლემა უკვე ფესვგამდგარია.
ოკეანის გაღმა კი საპრეზიდენტო მარათონია. რამდენად შეძლებს კამალა ჰარისი აღმასვლის შენარჩუნებას, არჩევნებამდე საკმარისი დროა, რათა გამოიკვეთოს რომელიმეს უპირატესობა.
კანდიდატები კი ცდილობენ დებატების თარიღსა და ფორმაზე შეთანხმდნენ.
ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.
„გრძელდება მძიმე ბრძოლები. რუსებს აქვთ გარკვეული წინსვლა აღმოსავლეთის ფრონტზე, მაგრამ მერვე დღეა უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქართველ გმირ მებრძოლებთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც თავად უკრაინელებმა იხუმრეს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
რუსები ძალას არ იშურებენ, რომ გამოვიდნენ შოკიდან.
პუტინი სერიოზულად შფოთავს, არ მალავს წუხილს და ნერვიულობას. დევნილების რაოდენობა იზრდება. სხვათა შორის, ეს გარკვეული პრობლემაა ჩვენთვისაც, რადგან ნაწილი მომდგარია ლარსის გამშვებ პუნქტთან და შესაძლოა კიდევ დაემატოს იმ ათი ათასობით რუსეთის მოქალაქეს, ვინც პირველი ტალღის დროს შემოვიდა.
რუსეთი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ძალების გადასროლას, რათა შეჩერდეს უკრაინელების წინსვლა. ცხადია ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ უკრაინელებს ტემპი შეუმცირდებათ. მათ უნდა გაამაგრონ პოზიციები და უნდა შეძლონ, რომ რუსებმა გაიყვანონ თავისი ძალები და გადაისროლონ საკუთარი ქვეყნის დასაცავად.
პუტინმაც განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების დაცვა და უცხო ქვეყნის ძალებისგან გათავისუფლება. მწარეა თურმე, როგორც აღმოჩნდა, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარები იმყოფებიან.
თავად უკრაინამაც განაცხადა, რომ მათ პრიორიტეტს არ წარმოადგენს რუსეთის ტერიტორიების მიტაცება. თუ დადგება მოლაპარაკების მომენტი, უკრაინა გაცილებით კარგ ფორმაში მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას.
უკრაინის წარმატება მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს საქართველოსთვისაც, საერთაშორისო თანამეგობრობისა და უსაფრთხოებისთვისაც.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გრძელდება საომარი მოქმედებები. ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორში ობიექტების დაბომბვას. პარალელურად ირანი უმაღლეს დონეზე იმუქრებოდა, რომ მის ტერიტორიაზე ისმაიელ ჰანიეს მკვლელობისთვის შურისძიება უსასტიკესი იქნებოდა, თუმცა აშშ-მა გააძლიერა სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურეში და ღიად გაავრცელა განცხადებები, რომ თუ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდება შეტევა, აშშ დაიცავს მის ტერიტორიას და მხარში ამოუდგება ისრაელს. ირანს არ აწყობს ომის დაწყება. თუ მის ნავთობ ობიექტებზე მიიტანეს შეტევა, ასევე არის საფრთხე დაემუქრონ ბირთვულ პროგრამას. ამით კი ირანმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს. რაღაც დონის იერიში არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა მაღალი ალბათობით ეს არ იქნება ისეთი მასშტაბის კონტრპასუხი, რაც გამოიწვევდა ირანსა და ისრაელს და მერე კიდევ სხვების ჩართულობით მასშტაბურ რეგიონულ ომს. ამასობაში კი კატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი“.
ფოტო: bbc