თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება და 54 თეთრის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს სემეკის სხდომაზე მიიღეს.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ტარიფის გაძვირების ერთადერთი მიზეზი ვალუტის კურსია.
1-ლი ივნისიდან თბილისში გაზი 8 თეთრით ძვირდება
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წინა ტარიფი დავადგინეთ 2019 წლის ბოლოს და მაშინ იყო კურსი 2.97, ბუნებრივია, ამ ტარიფით ხდებოდა კომპანიის მიერ მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება, თუმცა მას უფრო ძვირად უწევდა ყიდვა. 3.45-ადაც კი იყიდა გასულ თვეს ბუნებრივი აირი. აქედან გამომდინარე მათ დაუგროვდათ 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, რის შესაბამისადაც ვერ ახერხებდა ოპერირებას, ხდებოდა ვალაუვალი, რაც აუცილებლად მომსახურების ხარისხზე აისახებოდა.
ამიტომაც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება და მოახდინა კურსიდან გამომდინარე ტარიფის გაანგარიშება.
თუ ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება დოლართან მიმართებაში ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ტარიფს და შევამციროთ კიდეც.
ლარის კურსი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც ბუნებრივი აირის საბოლოო მისაწოდებელ ფასზე ახდენს გავლენას.
სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენ შუა პერიოდში მოგვიწია ფასის გადახედვა, თორემ მოქმედი ტარიფი, რომელიც ჩვენ 2018 წლის ბოლოს დავადგინეთ 3 წლის განმავლობაში მოქმედებდა.“
„ფორტუნას“ კითხვაზე, ბუნებრივი აირის გაძვირების შემდეგ, მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის ტარიფები, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის და სასმელი წყლის ტარიფები ვალუტის კურსზე ნაკლებად არის დამოკიდებული (განსაკუთრებით წყლის ტარიფი). აქედან გამომდინარე, მათი გადახედვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.
„რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ჩვენ ნაწილობრივ ვართ ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული და იმპორტის შემთხვევაში კურსი, რა თქმა უნდა მგრძნობიარეა, მაგრამ ამ წლის გაზაფხულზე წყალუხვობიდან და ნალექების მაღალი კონცენტრაციიდან გამომდინარე, ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა შეძლეს საკმაოდ დიდი ენერგიის გამომუშავება, რომელიც შედარებით იაფია სამომხმარებლო კალათაში, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია, აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის საჭიროება არ დგას.“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შემოსულია ორი პატარა კომპანიის განაცხადი, რათა მოხდეს იმავე პირობებით ტარიფის გადახედვა “ვარკეთილაირის” და “ენერგოკავშირის” აბონენტებისთვის.
რაც შეეხება რეგიონებს, როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, „სოკარ ენერჯი გაზი” ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს.