ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანზებით, 6 დეკემბერს, 12:00 საათიდან, წყალტუბოში, სასტუმროში „Legends Tskaltubo Spa Resort“ (რუსთაველის ქ.#23), ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ ჩატარდება.
ფესტივალში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ. ასოციაციაში გაწევრიანებულნი არიან მევენახე-მეღვინეები, რომლებიც ღვინოებს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით, ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ვენახები იწამლება მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით, ისიც – შეზღუდული დოზებით, არ გამოიყენება არანაირი ჰერბიციდი და ქიმიური გზით წარმოებული სინთეზური, მინერალური სასუქები. მარანში ღვინის დაყენებისას, შენახვისას და ჩამოსხმისას აკრძალულია სელექციური საფუვრების, ენზიმების, გამწებავი ნივთიერებების, ღვინის გემოების რეგულატორების, მჟავების, ბექმეზის და სხვა ათასგვარი ინდუსტრიული დანამატების გამოყენება.
ღვინის მოყვარულების გარდა, „ამერიმერს“, ტრადიციულად, ექსპორტიორები, რესტორატორები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები ესტუმრებიან როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეგახსენებთ, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“, რომელიც 2017 წლიდან ტარდება, 2024 წლიდან სოლიკო ცაიშვილის სახელობისაა. სოლიკო ცაიშვილი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოში ბუნებრივი მეღვინეობისა და ქვევრის ღვინის აღორძინების პიონერია. მისი იდეა იყო, რომ ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებულიყო და მოეცვა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონი. პირველი „ამერიმერი“ ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, რადგან დასავლეთ საქართველოში მსგავსი ფესტივალები იმ დროს, ფაქტობრივად, არ არსებობდა. „ამერიმერი“ ჯერჯერობით კვლავ იმერეთში ტარდება.
