წლის ბოლო სამუშაო კვირაა, მხოლოდ 4-5 დატვირთული დღე დაგვრჩა. შევეცდებით ამ კვირაში წელი ეკონომიკურად შევაჯამოთ.
როგორი იყო წელი ბიზნესისთვის, სახელმწიფოსთვის, შესაბამისად მიმდინარე კვირას სტუმრად გვეყოლებიან ადამიანები, რომლების სხვადასხვა ორგანიზაციების მაჯისცემას ზომავენ.
დღეს დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი დარგით, ეს არის სოფლის მეურნეობა. რომლის წილიც პანდემიის დროს გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში, ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მანამდე წილი, როგორც წესი მცირდებოდა, მაგრამ წელს გაიზარდა. რა იყო ამის მიზეზი?
თემაზე „ფორტუნა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა.
– თავისთავად რთული წელი იქნებოდა, მთლიან შიდა პროდუქტში გარკვეული ძვრები იყო. როდესაც ძირითადად შემცირება იყო სხვა სექტორში, ადამიანებმა გადაწყვიტეს, სხვა საქმე თუ არ გამოდის, ჩემს მიწას მივხედავო და გაიზარდა სოფლის მეურნეობა.
– ეს ბოლომდე ადამიანებზე მინდობილი არ იყო, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული და სწორი პოლიტიკის შედეგია, რომლის აღსრულებასაც თავად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს. ჩვენს მინისტრს ლევან დავითაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ პანდემიის პირობებშიც კი სოფლის მეურნეობის მიმართ არ შემცირებულა ყურადღება, ფაქტობრივად არ დაკეტილა არც ერთი მიმართულების განვითარება და თვითონ ის, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური პროექტები და სისტემური პროექტები ნელ-ნელა უკვე თავის შედეგს აძლევს ეკონომიკას.
ციფრებში ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ზრდა, ეს არის რეკორდული წელი. ჩვენ შევძელით წელს გადაგველახა მილიონდოლარიანი ზღვარი, სავარაუდოდ წლიურ შედეგებს მილიარდ 150 მილიონი დოლარით დავასრულებთ ექსპორტის თვალსაზრისით.
მაკროეკონომიკაში ამან ბუნებრივია თავისი გავლენა მოახდინა. მშპ-ს ხვედრითი წილი გაიზარდა. ეს გასაგებია, როდესაც სხვადასხვა დარგებში მკვეთრი ვარდნა იყო, ამის ფონზე სოფლის მეურნეობის ციფრები უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მაგრამ ეს არის როგორც ფარდობითი, ისე აბსოლუტური ზრდა. ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ყველა კულტურის მიმართულებით. როგორც წარმოების თვალსაზრისით, ასე ქვეყნის შიგნით და ასევე ექსპორტის თვალსაზრისით.
– უფრო დეტალურად ვისაუბროთ ექსპორტზე. თუ არის ახალი საექსპორტო ბაზრები. გამოჩნდა ჩინეთი, სადაც ექსპორტი იზრდება წლიდან წლამდე. სხვა საექსპორტო მიმართულება როგორ ვითარდება?
– ჩვენ ბაზრებზე ვართ გასული. საქართველოს მთავრობა მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე. ბაზრების დივერსიფიცირებაში ფაქტობრივად არ განვიხილავთ სტიმულირების მექანიზმად ყოფილ საბჭოთა კავშირს. ხელისუფლება ორიენტირებულია სხვა ქვეყნების მიმართულების ზრდაზე. თუმცა მიმდინარე წელს ჩვენ ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით.
ძირითადი ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი და ა.შ.
ჩვენ გვაქვს ზრდა გასული წლის ყველა მონაცემთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივიღეთ 21 პროცენტიანი ზრდა გასულ წელთან შედარებით. ეს 21 პროცენტიანი ზრდა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვით გასულ წელსაც 20 პროცენტიანი ზრდა იყო წინა წელთან შედარებით. ჩვენ გვაქვს მუდმივი ზრდა პროდუქციის გამოშვების და მისი ექსპორტის თვალსაზრისით.იზრდება გასატანი პროდუქციის ასორტიმენტი. ამ ასორტიმენტში თუ სამ მიმართულებას დავაჯგუფებთ, ბოსტნეული, ხორცი და ხილი, (რაც მოიცავს სოფლის მეურნეობას), რა თქმა უნდა, მსოფლიო ფასების ინფლაციამ აქაც თავისი გავლენა მოახდინა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი გაიზარდა აბსოლუტურ ციფრებში. მაგალითად ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა 61 ათას ტონამდე, სადაც ძირითადი ხვედრითი წილი კარტოფილია, წინა წელს გასული იყო 4 500 ტონა და ამ წელს 50 ათას ტონას გადააჭარბა.
ასევე ზრდა გვაქვს ცოცხალ საკლავში. (კერძოდ ცხვარი და საქონელი), რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ხილის მიმართულებით. აქ ზრდა სტაბილურია, 100 ათასი ტონის ნაცვლად 135 ათასი ტონა გავიდა წელს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მდგომარეობა 20 დეკემბრის მდგომარეობით გვაქვს და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზრდა გვექნება წლის ბოლომდე.
– რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს და გაიზარდოს. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამას ხელს უშლიდეს, არის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სოფსოფლის მეურნეობაში. ახალი სისტემები და ის მიდგომები, რაც უკვე წარმატებულია სოფლის მეურნეობის წარმატებულ ექსპორტიორ ქვეყნებში. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანების საკმაოდ დიდი წილი, თუმცა მათი პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია. მთლიანი შიდა პროდუქტის 8 % სოფლის მეურნეობის წილია, იქ დასაქმებულთა წილი კი გაცილებით დიდია, სოციალურ პრობლემებამდეც ამას მივყავართ.
– ჩვენ ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს სოფლის მეურნეობაში დასაქმებაზე. სტატისტიკა ხშირად აღრიცხავს სოფელში მაცხოვრებელ ადამიანებს და მერე ამას აიგივებენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებთან. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ციფრია. სოფელში ვინც ცხოვრობს, ბუნებრივია სოფლის მეურნეობაში ყველა დასაქმებული არაა.
თანამედროვე სტატისტიკის აღრიცხვამ ეს უკვე აღრიცხა. შეიძლება ითქვას, აქაც ჩვენ გვაქვს მკვეთი შემცირება სტატისტიკურად სწორი დათვლის გამო. ფაქტობრივად მივდივართ ევროპული მაჩვენებლებისკენ, როდესაც ერთ დასაქმებულზე უფრო და უფრო მეტი მოვა გამომუშავებული პროდუქცია.
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფომ 2013 წლის მერე, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკის რანგში აიყვანა სოფლის მეურნეობის განვითარება, შეძლო ქვეყანაში განვითარებულიყო ბიზნესი სოფლის მეურნეობაში.
თუ სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე 48 – 50 ათასი ლარის შექმნილი პროდუქცია მოდის, შიდა მეურნეობებზე, ეს არ აღემატება 6-7 ათას ლარზე მეტს.
ჩვენი ამოცანა რა არის? – მეტი და მეტი ბიზნესის სოფლის მეურნეობაში ჩართვა. მეტი რენტაბელობა, რაც არის იმის საფუძველი, რომ ექსპორტზე ვაწარმოოთ და ქვეყნის შიგნით გავყიდოთ მაღალხარისხიანი სასურსათო პროდუქცია, რომელიც უვნებელია ადამიანისთვის და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნილებას.
იცით, რომ 2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ინტეგრაციის ხელშეკრულებას და 270-ზე მეტ საკანონმდებლო დოკუმენტთან დაახლოებას ვახდენთ, აქედან 135 ხელმისაწვდომია შესაბამისი სტრუქტურებისთვის, პარლამენტი და მთავრობა მყავს მხედველობაში და ჩვენს მის იმპლემენტაციას ვახდენთ. რეალურად სოფლის მეურნეობა მუდმივად ვითარდება. რა თქმა უნდა, აქ საუბარია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბიზნესის განვითარებაზე სოფლის მეურნეობაში, ბუნებრივია, თოხით და კავით ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამები. ეს არის მოსავლის ამღები ტექნოლოგიები. აქ თუ ადრე მხოლოდ კომბაინი განიხილებოდა, ხორბლის ასაღებად, დღეს უამრავ კულტურაზეა უკვე საუბარი და 14 ათას ჰექტარზე მეტი ახალი მრავალწლიანი ნარგავები გაშენდა. 250 ახალი საწარმო გაიხსნა. (დღეს ფოთში მივდივარ, სადაც უნდა გავხსნა უნიკალური საწარმო, რომელიც არის სოიოს შროტის მიღების საწარმო. მსგავსი არ ყოფილა მრეწველობის განვითარებისთვის მეფრინველეობის, განვითარებისთვის საკვები ბაზის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა. ასეთი ამიერკავკასიაში არც ყოფილა და იმუშავებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ტრანზიტზე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვავითარებთ ტექნოლოგიებს.
50 მილიონი დამატებითი რესურსი გამოიყო პრემიერის ინიციატივით და ამ პროგრამით მოსახლეობამ სხვადასხვა ტიპის ტექნიკა შეიძინა.
ეს პროგრამები მუდმივად ვითარდება. მუდმივად ვითარდება გადამამუშავებელი სექტორი და საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოყოფილი ფინანსები შენარჩუნებულია და ბუნებრივია ახალი პროგრამები ემატება. ოთხწლიან გეგმაში ყოველ წელიწადს ზრდა არის გათვალისწინებული.
სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ ვითვისებთ არამარტო იმ კულტურებს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელი იყო, არამედ ძალიან ცოტა ხანში ჩვენ გვექნება ზეთისხილისა და ნუშის ექსპორტი. მივიღეთ პირველი კაკლის მოსავალი და მისი ექსპორტი განხორციელდა წელს. ისეთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, როგორიც ნიორია, 500 ტონამდე ნიორი გავიტანეთ. ანუ ჩვენ მთლიანად ვფარავთ მთლიან სპექტრს და ბუნებრივია, საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ, სრულყოფილად ჩაერთონ პროექტებში.
4 მილიარდზე მეტი ლარია ინვესტირებული სოფლის მეურნეობაში. ჩვენი პროექტის ეფექტურობა დასაბუთებულია იმით, რომ საწარმოებს, რომელსაც სახელმწიფო დაეხმარა, და შემდეგ ისინი გადიან ექსპორტზე, ნამატი უკვე აღემატება მათ ინვენტირებაზე დახარჯულ თანხას.
ასეთი წარმატებით დავასრულეთ წელი და მინდა მივულოცო საქართველოს, თითოეულ ფერმერს 2022 წლის დადგომა და ვისურვო, რომ 2022 წელი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გამართული იყოს. წელს პირველად მოხდა, რომ წარმოების ოდენობამ გადაასწრო 6 მილიარდ ლარს. მინდა ვისურვო, რომ ეს 6 მილიარდი აღარაფრად აღარ მიგვაჩნდეს და გაცილებით მაღალ ციფრებზე ვსაუბრობდეთ.
– წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფერმერებს, კარგია, რომ ორიენტაცია ხდება ბიზნესზე სოფლის მეურნეობაში. ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ბოლო რამდენიმე წელი მიმოვიხილეთ.
თუმცა ფაქტი სახეზეა, რომ კვლავ რჩება პრობლემა სოფლის მეურნეობაში დასაქმებასთან დაკავშირებით და პროდუქტიულობასთან დაკავშირებით, ვინც იქ მუშაობს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იქ მუშაობს, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არის სიღარიბის ზღვარზე.
იმედია, შემდეგი წლები კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
