შპს ”მაკნატუნამ” ბურბუშელას 5 ახალი სახეობის წარმოება დაიწყო. ”ბურბუს” ბრენდის ქვეშ ახალი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში უკვე გამოჩნდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა დავით ფხაკაძემ განუცხადა, უკვე არსებულ – შოკოლადის, ნაღების, ასევე არაჟნისა და ხახვის მიქსით მიღებულ ბურბუშელას, ლიმნის, ბანანის, ტომატ-კეჩუპის, ბარბექიუსა და ბეკონის ”ბურბუ” დაემატა.
”ბურბუზე” მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. მომხმარებელს მოსწონს ჩვენი პროდუქცია, რაც მთავარია, ის არის 99%-ით ნატურალური და უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. მზადდება სიმინდის ბურღულისგან, შემდეგ კი ემატება შაქრის ფხვნილი, რძის ფხვნილი, მარილი, ზეთი და არომატიზატორები, რომლებიც ასევე უმაღლესი ხარისხისაა. ამასთან, ლიმნის, ბანანისა და ტომატ-კეტჩუპის ”ბურბუ” მომხმარებელს მარხვის პერიოდშიც შეუძლია მიირთვას”, – განმარტა შპს ”მაკნატუნას” დამფუძნებელმა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას კვლავ გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქციის ღირებულება 1 ლარია და ”ბურბუს” ყიდვა მომხმარებელს სრულიად საქართველოს მასშტაბით, დიდ სავაჭრო ქსელებში შეუძლია. როგორც დავით ფხაკაძემ აღნიშნა, ”ბურბუ” ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, ინოვაციური პროდუქტია და მას კონკურენტები არ ჰყავს.
ცნობისთვის, ”ბურბუს” მწარმოებელი მცირე საამქრო ქუთაისში, შპს ”მაკნატუნას” საწარმოს ტერიტორიაზე ერთი თვის წინ მოეწყო. საამქროში უმაღლესი ხარისხის ჩინური დანადგარები დამონტაჟდა, ადგილზე კი 10 ადამიანი დასაქმდა.