LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბზის მოჭრის გამო 1000 ლარამდე დაგაჯარიმებენ

83

ბზის უკანონო ჭრა-რეალიზებისთვის 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებით, ხოლო თუ გარემოზე მიყენებული ზარალი 1000 ლარს გადააჭარბებს, ადმინისტრაციული სასჯელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით იცვლება.

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტრო ბზის ჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც რადიო ”ფორტუნასთან” ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია იორდანიშვილმა განაცხადა, კოლხური ბზა, რომელიც საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში ხარობს, ისედაც იყო წითელი ნუსხით დაცული სახეობა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაავადებისა და მავნებლის გამო ბზის ეს ჯიში, ფაქტობრივად, ბუნებრივი გავრცელების მთელს არეალზე, გაქრობის საფრთხის ქვეშ არის. სამინისტრო უკვე წლებია ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას ბზის მოფრთხილებასთან დაკავშირებით, რათა მინიმუმამდე დავიდეს მისი უკანონო ჭრა. საინფორმაციო კამპანია, განსაკუთრებით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებისას აქტიურდება.

უკვე წლებია საზოგადოებას გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატქრიარქო ბზის შენარჩუნებისთვის უკანონო ჭრა-რეალიზებისგან თავშეკავებას სთხოვს. ნათია იორდანიშვილის თქმით, შედეგი ისეთი არ არის როგორიც სასურველი იქნებოდა, თუმცა ბზის უკანონო ჭრის ტენდენციის კლება ნამდვილად არსებობს.

ბზობის დღესასწაულზე სამინისტრო მოსახლეობას ხელოვნურად გამოყვანილ, ან ქოთანში გაზრდილი ბზის შეძენას ურჩვს, რომლის რეალიზაციაც თავისთავად არ არის აკრძალული.

რაც შეეხება კოლხური ბზის გადასარჩენად და დაავადების პრევენციისთვის დასახულ გზას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ რამდენიმე წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა ბზის გავრცელების ფართობების შეწამვლას, სანერგეების მოწყობას, ჯანსაღი ტერიტორიებიდან სათესლე მასალის მოგროვებას და ბევრ სხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. ეროვნული გეგმა მთავრობას წარედგინება მალე წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g