ზუგდიდის მუნიციპალიტეტის #67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ცაიშის თემის სამი უბნის ამომრჩევლები დღეს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
12:00 საათის მდგომარეობით, მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.74% (472 ამომრჩეველი) შეადგინა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლები ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მონაწილეობენ არჩევნებში.
„ამ დროისთვის ფიქსირდება 3 საჩივარი, რომლებიც ეხება მხოლოდ ერთ პროცესს – კონკრეტულად, საჩივრები წარდგენილია იმის გამო, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. კომისია იმსჯელებს საჩივრებთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადებში“, – განუცხადა ანა მიქელაძემ მედიას.
