LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცალი თვალი აფხაზეთის ომში, მეორე კი გავრილოვის ღამეს დაკარგა“ – 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ კობა ლეთოდიანს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე მეორედ უთხრა უარი

56
Untitled design (2)

2019 წლის 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ კობა ლეთოდიანს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი მეორედ უთხრა. ამის შესახებ ლეთოდიანის შვილმა, პარტია „დროას“ წევრმა, ნათია ლეთოდიანმა განაცხადა.

„მინდა, გაგაცნოთ კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი და ცინიკური დადგენილება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს იმ უსისტემობას, რაც ქვეყანაშია გამეფებული. გუშინ პროკურატურისგან მივიღეთ დადგენილება მამაჩემის, კობა ლეთოდიანისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ. მათ მეორედ გვითხრეს უარი 20 ივნისს თვალდათხრილი ადამიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

მამაჩემმა კობა ლეთოდიანმა ცალი თვალი დაკარგა აფხაზეთის ომში, ხოლო მეორე თვალი 20 ივნისს გავრილოვის სისხლიან ღამეს, პარლამენტის წინ.

დადგენილებაში კი წერია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არ დაუდგენიათ, რამდენად სწორად არის გამოყენებული მის წინააღმდეგ ღონისძიებები. ეს არის ყოვლად დამცინავი დადგენილება არამარტო მამაჩემის, არამედ ყველა დაზარალებულის მიმართ, რომლებმაც აუნაზღაურებელი ტრავმა მიიღეს 20 ივნისის ღამეს.

ამ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ქვეყანაში, რომელშიც საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებს სცემენ, ოპერატორებს კლავენ, ბავშვებს შადრევნებთან და პარკებში ვერ ვუშვებთ და უბრალოდ იღუპებიან. კორუმპირებული, ჩამოშლილი სისტემის გამო, პროკურატურა ბედავს და გვიგზავნის მსგავს დამცინავ დადგენილებას.

3 წელზე მეტი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან და მათ ვერ ორი თვალით დაბრმავებული ადამიანი არის თუ არა დაზარალებული. მე როგორც ერთი რიგითი ადამიანი, მოქალაქე და როგორც დაბრმავებული ადამიანის ოჯახის წევრი, ყველა გზას და ბერკეტს გამოვიყენებ, რომ უსამართლობის ეს ჯაჭვი რაღაცნაირად გავწყვიტოთ და სამართალს მივაღწიოთ. მე არანაირი ნდობა არ მაქვს ოლიგარქის პროკურატურისა და სასამართლოსი, მაგრამ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ ჩვენ ეს დაცინვა ამ პროკურატურას არ ვაპატიოთ“, – განაცხადა ნათია ლეთოდიანმა.

magti 5g