#cancelThea – ამ მოწოდებით კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ ონლაინ პეტიცია შეიმუშავეს. როგორც https://manifest.ge/main/item/3192 ონლაინ პეტიციაშია ნათქვამი, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს, წულუკიანის მინისტრად დანიშვნა, პროფესიონალებთან კონსულტაციისა და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიაჩნიათ.
ამ დროისთვის პეტიციას 932 მოქალაქის ხელმოწერა აქვს და განმარტებულია რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც კულტურის სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.
პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მინისტრი კარგად უნდა იცნობდეს ზემოთჩამოთვლილ რამდენიმე, სრულიად განსხვავებულ სფეროს. მათი აზრით, მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებითა და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ იძლევა.
“ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა“, – ნათქვამია პეტიციაში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას „მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული“.
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ კულტურა და სპორტი სხვა ადამიანების გათვალისწინებას, გუნდურობას, სხვისი გადაწყვეტილებების და სივრცის პატივისცემას ნიშნავს.
“სამწუხაროდ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან „ამ ღირებულებების მუდმივი უგულვებელყოფის მომსწრენი ვართ“. – წერენ პეტიციის ხელმომწერები.
ზემოთაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვნას ეწინააღმდეგებიან და არ მიიჩნევენ, რომ მისი ღირებულებები და საჯარო აქტივობა, ასევე მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია, იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, საფრთხის ქვეშ დადგება.
„პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან, მისი დანიშვნის შემდეგ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი გეგმა პანდემიურ სივრცეში თვეობით ჩაკეტილი სახელოვნებო სივრცეების, ხელოვანების და სპორსტმენების მხარდაჭერის და ხელშეწყობის შესახებ. ბუნდოვანია როგორია სფეროში მისი კომპეტენტურობა. აღნიშნული იწვევს მის მიმართ უნდობლობას კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან“. – აღნიშნულია პეტიციაში.