14 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი მარიკო ებრალიძე სტუმრობდა, რომელმაც ახალი სიმღერა „ცაში ფრენა“ შესთავაზა მსმენელს.
– მარიკო, როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?
– „ცაში ფრენა“ – ჩემი პირველი საავტორო სიმღერაა, ამიტომ ძალიან ფრთხილად შევუდექი მუშაობას. წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ მუსიკას დავწერდი, თუმცა, გარკვეული გამოცდილების, განცდების და ემოციების დაგროვების შემდეგ ძალიან მომინდა რაიმე განსხვავებულის შექმნა. ახალი სიმღერა მთელი ჩემი ცნობიერის და ქვეცნობიერის, შეგნების და სულის გამოძახილია, მით უფრო, რომ ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაში დაიბადა, როცა პარკინგის ადგილს ვეძებდი და მანქანის გაჩერებას ვცდილობდი. მელოდია მობილურზე ჩავწერე, მერე კი, დიდხანს ვუსმენდი, რადგან მანამდეც ბევრჯერ მიცდია სიმღერის დაწერა, თუმცა სულ მეჩვენებოდა, რომ უკვე არსებულ კომპოზიციებს ჰგავდა, პლაგიატობა კი, ნამდვილად არასდროს მინდოდა. ახალი ნამუშევრის ჩაწერაში მეგობარი მუსიკოსები დამეხმარნენ, რომელთაც სრულად ვენდე და არანჟირებაც სწორედ მათ მივანდე. მიხარია, რომ სიმღერა ცოცხლად ჩაიწერა, საოცრად გულწრფელი და ბუნებრივი გამოვიდა.
– რამდენად ადვილად შეეგუა მეუღლე თქვენს შემოქმედებით ცხოვრებას, მაშინ როცა თვითონ საკმაოდ სერიოზული პროფესიის – მედიცინის წარმომადგენელია?
– სწრაფად შეეგუა და ძალიან მოსწონს, მეტიც ყოველთვის ინტერესდება ჩემი იდეებით, ჩემთან ერთად განიცდის შემოქმედებით პაუზებს და ძალიან ხარობს გამარჯვებით.
– შვილებს თუ ურჩევდით შემოქმედებითი პროფესიის არჩევას?
– მთავარია პროფესიონალები იყვნენ და მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიას აირჩევენ. თუმცა, მუსიკოსობა ძალიან დიდი მსხვერპლს მოითხოვს, რადგან ყველაფერი უნდა გადადო და მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურო საყვარელ საქმეს.
– რამდენად მნიშვნელოავანია ჯანსაღი ამბიციები?
– ვფიქრობ, ჯანსაღი ყველაფერი კარგია.
– ტელეწამყვანობა უფრო მოგწონთ თუ ბიგ ბენდის სოლისტობა?
– აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებია, თუმცა ორივე ერთნაირად საინტერესო და საპასუხისმგებლო. ძალიან მენატრება ტელევიზიაში მუშაობა და სიამოვნებით დავთანხმდები საინტერესო შეთავაზებას.
– თქვენს ცხოვრებაზე რომ იღებდნენ ფილმს, ვის ინატრებდით რეჟისორად?
– ალბათ ქვენტინ ტარანტინოს.

– რაზე ოცნებობთ?
– ყოველთვის ძალიან მიყვარდა ოცნება, მით უფრო, რომ ეტაპობრივად ყველა ოცნება სრულდება. ძალიან მინდა ჩემი შინაგანი რესურსის სრულად დახარჯვა.
– პროფესიის შეცვლის შანსი რომ გქონდათ, რა სფეროს აირჩევდით?
– ალბათ ექიმი ვიქნებოდი.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ჯერ საკმარისი სიმღერების შეგროვება მინდა, მერე ალბომს ჩავწერ და სოლო კონცერტსაც მოვაწყობ. ძალიან მინდა ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღება, რომელიც ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული იქნება და ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვის ახლობელი გახდება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი