ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. შესაბამის ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს წარუდგენს.
„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის. ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მკაცრად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და, ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც გახდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა დანაშაულის სიხშირიდან გამომდინარე დადგა.