LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეესკო: „საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ“

514
ცეესკო

„არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა“ – ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს.

„26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.

სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. 

საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. აღნიშნული პროექტის შედეგად მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია საპარკინგე სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას, განხორციელდა გზის ახალი საფარის დაგება და მოწესრიგდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის საკითხი.  

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს.  საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები,  რომელშიც სამწუხაროდ,  ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ.  

შესაბამისად,  უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ  პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. 

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არჩევნების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყანაში, თუმცა  საქართველოში ეს საკითხი ცესკოს ზოგიერთი წევრის მხრიდან მანიპულაციური განცხადებების გაკეთების საფუძველია. იყო მცდელობა საკითხი წარმოჩენილიყო იმგვარად, თითქოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებში საკუთარი საქმიანობის გამო არსებულ შიშს უკავშირდება, რაც ერთგვარად ამ უწყების წარმომადგენელთა შეურაცხყოფადაც შეიძლება განვიხილოთ. უსაფრთხოების დაცვა, პრევენცია, რისკების დაზღვევა, ტერიტორიის მოწესრიგება, შიშის სინონიმი ნამდვილად არ არის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, დაინტერესებული მხარეების მცდელობის მიუხედავად ყველა საკითხი იყოს პოლიტიზებული, თავის საქმიანობას გააგრძელებს მაღალი სტანდარტებით, რათა უზრუნველყოს მომავალი არჩევნების უსაფრთხოება და მისი მიუკერძოებლად, მაღალი სტანდარტებით ჩატარება. 

ჩვენის მხრივ ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები