„EVANGELION” – თანამედროვე, თავისუფალ, მოდერნისტულ საცეკვაო ხერხში გადმოცემული ამბის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 3, 4 და 9 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. ქორეოდრამის დრამატურგიული საფუძველი, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა მოკიდა ხელი, გაბედული და მოულოდნელია – ეს არის ექვსი იგავი ბიბლიიდან და სახარებიდან, რომლებსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მხოლოდ ცეკვის საშუალებით გვიამბობენ.
ქორეოდრამის „EVANGELION”-იდეის ავტორი, ქორეოგრაფი, რეჟისორი და მხატვარია – გია მარღანია, ადაფტირებული ტექსტის ავტორია დოდო ხურცილავა. მხატვარ-შემსრულებელი: მარიამ ჭელიძე, მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა, ვანო დუგლაძე, ნიკა ნანიტაშვილი და სხვანი.
სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.