16 მაისს მთელი მსოფლიო ცელიაკიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღს, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის ძალისხმევით, წელს, თბილისთან ერთად, ბათუმიც უერთდება.
შეგახსენებთ, ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. ცელიაკია შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკში. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში პაციენტი გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ექცევა. ცელიაკიის მართვა გლუტენისგან თავისუფალ კვებას გულისხმობს. დიეტა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.
გვანცა ბლიაძე, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:
– საქართველოში ცელიაკიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე მესამე წელია, რაც აღინიშნება. როგორც წესი, მთელი მაისის განმავლობაში ვეწევით ცნობიერების ამაღლების კამპანიას, უშუალოდ 16 მაისს კი კონკრეტულ ღონისძიებებს ვაწყობთ. წელს ერთ-ერთ გასართობ ცენტრში ბავშვებისთვის მხიარული აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, თანაც საჩუქრებით, ამასთან, არა მხოლოდ თბილისში, არამედ, მშობლების დიდი ხელშეწყობით, უკვე ბათუმშიც. ასევე 16 მაისს, კონკრეტულ ქალაქებში, გამორჩეულ შენობა-ნაგებობებს გავანათებთ მწვანედ (თბილისში ეს იქნება სატელევიზიო ანძა და ბათუმში – სტადიონი).
– საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის შესახებაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა – როდის დაფუძნდა და არსებობის მანძილზე, შეიცვალა თუ არა უკეთესობისკენ ცელიაკიის შესახებ ცნობიერება ჩვენს ქვეყანაში?
– ასოციაცია 3 წლის წინ შვიდმა მშობელმა ჩვენი შვილების დიაგნოზიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ. დაარსების დღიდან ვიბრძვით, რომ ცელიაკიის მქონე პირებისთვის გაუმჯობესდეს გარემო პირობები, ხელმისაწვდომი იყოს მათთვის საჭირო მომსახურება და უგლუტენო პროდუქტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეებს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ყოველ თვე ურიგდებათ 200 ლარიანი ვაუჩერი უგლუტენო პროდუქტების შესაძენად. ვაუჩერის მისაღებად მათ, ვისაც დასმული აქვს ცელიაკიის დიაგნოზი ან აქვს გლუტენის აუტანლობა, უნდა მიაკითხონ გამგეობებს, ასევე, თბილისში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, რათა ფორმა 100-ის საფუძველზე შესაბამის პროგრამაში მოხვდნენ.
– როგორც ვიცი, ცელიაკიის დიაგნოზის დასმა ჭირდა საქართველოში. ამჟამად რა ვითარება გვაქვს ამ თვალსაზრისით?
– ცელიაკიის დიაგნოზის დასმა ზოგადად ჭირს იქიდან გამომდინარე, რომ დაავადებას ბევრი სხვა გვერდითი მოვლენა ახლავს თან, რის გამოც რთულია მისი ამოცნობა, თუმცა შესაძლებელიც. საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციირებით და ჩვენი პარტნიორი ექიმების ჩართულობით, ცელიაკიის სკრინინგის პროგრამა შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც, ამ ეტაპზე, აჭარის რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს მიეცემათ გატესტვის შესაძლებლობა. უფრო კონკრეტულად, ფორმა 100-ის საფუძველზე, სრულიად უფასოდ, იმ კლინიკებში, სადაც ცელიაკიის სკრინინგის პროგრამა ხორციელდება, მხოლოდ სისხლის ანალიზის საფუძველზე დადგინდება, აქვს თუ არა პირს ცელიაკია.
– დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ცელიაკიის მქონე პირი გლუტენისგან თავისუფალ კვებაზე უნდა იმყოფებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უგლუტენო პროდუქცია და ნედლეული კვლავაც ძვირადღირებულია. რა როლს თამაშობს ასოციაცია ბაზარზე ფასების რეგულირების კუთხით და რა ბერკეტები გაქვთ საქართველოში წარმოებული უგლუტენო პროდუქტებისა და საკვების ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით?
– ასოციაცია ერთგვარი მაკავშირებელია პაციენტსა და პროდუქციის მომწოდებელს შორის. ჩვენთან შემოდის ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც საჭიროა პაციენტებისთვის, ჩვენ კი მას, ჩვენი მხრივ, ვაწვდით კომპანიებს. ასოციაციის დაფუძნების შემდეგ, საბედნიეროდ, გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, მათ შორის რეგიონებშიც, თუმცა ხელმისაწვდომობა მაინც გამოწვევად რჩება. ცხადია, ასოციაცია ძალას არ დაიშურებს, რომ პრობლემა დაიძლიოს.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით წარმოებულ უგლუტენო პროდუქტებს, ჯერჯერობით, არ არსებოს ბერკეტი მათი ოფიციალურად შემოწმებისთვის, ამისთვის სპეციალიზირებული ლაბორატორიაა საჭირო. თუმცა არსებობს რამდენიმე კერძო ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია უგლუტენო პროდუქციის შემოწმება, შეიცავს თუ არა გლუტენის კვალს ან ჯდება თუ არა ჩარჩოებში და ამ შემოწმების გავლა დამოკიდებულია მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე. იმისთვის, რომ შემოწმება გახდეს სავალდებულო, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა დროში ცოტა გაიწელება, რადგან კანონმდებლობის საფუძველზე უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ამასთან, უნდა გადამზადდნენ ის პირები, რომლებიც ამ პროცესს გააკონტროლობენ.
– გვანცა, თქვენი მცირე საწარმოს შესახებაც ვისაუბროთ, რომლის შექმნისკენ შვილისთვის უგლუტენო კერძების შინ მზადებამ გიბიძგათ. რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე?
– ჩემი საწარმო იქნება სრულად ავტომატიზებული, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ხელი ნაკლებად შეეხება ნედლეულს, რადგან, მოგეხსენებათ, უგლუტენო საკვები მაქსიმალურად სტერილურ გარემოში უნდა მომზადდეს. სადაცაა ჩამოვა დანადგარები, რომლებითაც დამზადდება უგლუტენო ნახევარფაბრიკატები (ხინკალი, პელმენი, ხაჭაპური და სხვა). მკაცრად გაკონტროლდება პროდუქციის შეფუთვაც, რათა ის არ შეიცავდეს გლუტენის მცირეოდენ კვალსაც კი. საწარმო სრული დატვირთვით სექტემბრიდან იმუშავეს, გვექნება ონლაინ გაყიდვებიც და ვეცდებით, საქართველოს გარეთაც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. თუ ეს შევძელით, Gvantsa’s Gluten Free Sweets იქნება პირველი ქართული საწარმო, რომელიც უგლუტენო პროდუქციის გაყიდვას საერთაშორისო ბაზარზე დაიწყებს.