ამსტერდამის „აიაქსი“ დაბრუნდა. ეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას. ახალგაზრდა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი პერიოდულად გამოდის ხოლმე ევროპის სცენაზე და ფურორს ახდენს. „ბოსმანის საქმის“ შემდეგ ფეხბურთში ყველაფერი აირია და „აიაქსის“ დარ კლუბებს მუდმივად აღარ ძალუძთ ზედაპირზე ყოფნა, მაგრამ ამ გუნდის ისტორია და ბავშვთა ფეხბურთის დონე იმის შესაძლებლობას კი იძლევა, რომ „აიაქსი“ დარჩეს მისაბაძ მაგალითად.
სამწუხარო ის არის, რაც მოხდება – ამ გუნდს ერთად დიდხანს არავინ გააჩერებს და უკვე მომდევნო სეზონში ალბათ სახეცვლილი „აიაქსი“ იქნება.
ტალანტებით სავსე „აიაქსმა“ „ბებერ ქალბატონს“ ისეთი ფეხბურთი აჩვენა (მეორე ტაიმში), გეგონებოდა „იუვენტუსი“ კი არა, რომელიმე ისეთი გუნდი იყო, ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს რომ დგამს. ამსტერდამელებმა ულაპარაკოდ და ალალად მოიგეს და ახლა ფინალამდე ერთი ნაბიჯი დარჩათ.
მოკლედ, არც რონალდოს გადმოყვანამ უშველა და აწი რა იქნება მაგას მომდევნო სეზონში ვნახავთ.
იუვენტუსი – აიაქსი 1:2
1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიგტი (67)
კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე მეოთხედფინალში გაიტანა (სულ 13 გოლი).
რონალდოს 126 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე, აქედან 65 – პლეი ოფში. ორივე მაჩვენებელი რეკორდია ტურნირის ისტორიაში.
რონალდოს „აიაქსისთვის” ცხრა გოლი აქვს გატანილი. უფრო მეტი მან მხოლოდ „იუვენტუსს” გაუტანა – 10.
რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ნახევარფინალში.
მატიის დე ლიგტი ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია – 19 წლისა და 24 დღის. მან ნორდინ ვუტერის 1996 წლის რეკორდი გააუმჯობესა.
“აიაქსმა” ამ სეზონში 155 გოლი გაიტანა და 2009/10 წლების სეზონში დამყარებული საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
“აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 32 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
“აიაქსი” პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად “რეალსაც” სძლია და “იუვენტუსსაც”.
„აიაქსი“ ბოლო 22 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ლიგის ნახევარფინალში.
მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსის“ მწვრთნელი)
“პირველ ტაიმში ურიგოდ არ გვითამაშია. მაგრამ ფეხბურთი დაუნდობელია და როდესაც შემთხვევით გოლს უშვებ, შიში გეუფლება. “აიაქსმა” გამარჯვება დაიმსახურა. მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა.
პრეზიდენტს ვუთხარი, რომ გუნდში ვრჩები. მოგვიანებით დავჯდებით და “იუვენტუსის” მომავალზე ვისაუბრებთ”.
ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მწვრთნელი):
“ეს „რეალთან“ მატჩს საერთოდ არ ჰგავდა. თავიდან იყო ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლა და ქარიშხალი გამოვიარეთ.
მეორე ტაიმში “იუვენტუსს” თამაში არ გამოუვიდა და მოედანზე სივრცეები გამოჩნდა. სწორედ მაშინ გვქონდა 3-4 ნაღდი მომენტი და ცოტა ადრე უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი“.