LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს ახალი თავმჯდომარის და წევრების შერჩევის პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ვერ აღადგენს: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

62
1

“პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, “შარლ მიშელის დოკუმენტის” დარღვევით, ცესკოს დაკომპლექტება კიდევ უფრო გააღრმავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდობლობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე და ეჭვქვეშ დააყენებს იმ მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარიმართება.” –  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევის პროცესს ეხმიანება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლავ პრობლემური დარჩება ცესკოს მიმართ პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრის და საზოგადოების მხრიდან ნდობის საკითხი:

“პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევის პროცესი ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერის (სრული შემადგენლობის ⅔-ის ან ⅗-ის) მოპოვება.

როგორც ჩანს, მომავალ კვირას ეს პროცესი იმით დასრულდება, რომ პარლამენტის სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით – 76 ხმით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი იქნება დამტკიცებული, რაც “შარლ მიშელის დოკუმენტის” სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, იმას ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არ არის ამ მნიშვნელოვანი თანამდებობების პოლიტიკური კონსენსუსით დაკომპლექტება. აქედან გამომდინარე, კვლავ პრობლემური დარჩება ცესკოს მიმართ პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრის და საზოგადოების მხრიდან ნდობის საკითხი.

ასეთი შედეგის დადგომის ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. “შარლ მიშელის დოკუმენტის” გვერდის ავლით მიიღო ისეთი რეგულაცია, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 76 ხმით არჩევის შესაძლებლობა გაამარტივა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის საბოლოო რედაქციით შემცირდა დროის ის ხანგრძლივობა, რაც “შარლ მიშელის დოკუმენტით” იყო გათვალისწინებული კანდიდატების დამტკიცებისთვის პოლიტიკური კომპრომისის მისაღწევად. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ თანახმად, თითოეულ კენჭისყრას შორის 4 კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო, რომელიც საბოლოოდ კანონით 1 კვირამდე შემცირდა. ამ ქმედებამ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, მოუხსნა იმის საჭიროება, რომ შეთანხმება მიეღწია სხვა პარტიებთან.

ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობამ, რომელმაც საბოლოოდ ისეთი კანდიდატების წარდგენას დაუჭირა მხარი, რომელთაც არც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისცეს ხმა და არც საპარლამენტო ოპოზიციამ. სამივე კანდიდატი ცესკოს მოქმედი თანამშრომელია, რომელთაც გასაუბრების დროს ძალიან გაუჭირდათ, ცესკოს წარსული საქმიანობის კრიტიკულად შეფასება.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g