LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს სპიკერი – „კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია“

349
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, ის მოუწოდებს „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ნინო დოლიძე: „ზოგიერთ უბანზე მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამავე უბანზე სიაში რეგისტრირებული მამაკაცთა რაოდენობა, რაც უბნებზე მანიპულაციაზე მიუთითებს“

დოლიძის განმარტებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაკვირვების შედეგად ორგანიზაციამ საყურადღებო ტენდენცია გამოავლინა გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ცესკო-მ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოსაზრებას, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ კიდევ ერთი მანიპულაციური და არასწორი განცხადება გაავრცელა, თითქოს ცესკო-ს განცხადება მის მოსაზრებებს ადასტურებდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ – ცესკო-მ ბრიფინგზე დაადასტურა არა ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილე კაც ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად აღემატებოდა ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველთა რაოდენობას, არამედ ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ე.წ. ცდომილება, კენჭისყრის დღეს წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მონაცემებს შორის.

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა დგინდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებით, რომლებიც ემყარება საარჩევნო ბიულეტენების საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს. კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

ცესკო-მ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.

ამასთან გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ მისი მიერ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკო-ს წინასწარ შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

mazda magti 5g