ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
რაც შეეხება ცესკოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის მომავალ საქმიანობას, როგორც დღეს ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, თამარ ჟვანია მუშაობას კვლავ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს, თუმცა რომელ ორგანიზაციაში, ნათია იოსელიანს არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვიტა, 2021 წლის 1 ივლისიდან თავმჯდომარის უფლებამოსილება აღარ გააგრძელოს, რაც პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს, ახალი თავმჯდომარე განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ.
მისი განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა კი იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.