ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე,- ამის შესახებ მიმართვა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა. მიმართვა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა გააცნეს ჟურნალისტებს.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს მოიგებს.
“მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.” – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი
“დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.”
უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე”, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, – ინფორმაციას მედია ავრცელებს.
Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.
თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.