კომპანია ”გეოაგო-15” , რომელიც ”ჩაი N 101″-ს აწარმოებს, გურიის მოსახლეობისგან წელს ჩაის მოსავალს ჩაიბარებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიშვილმა განუცხადა, საკუთარი პლანტაციებიდან, უამინდობის გამო, მცირე მოსავალი მიიღო, ამიტომაც ნედლეულის ჩაბარება ადგილობრივებისგან მოუწევს.
”წვიმების გამო მოსავალი გამიფუჭდა. ჩაის მცენარეს ფოთლები გაუუხეშდა, რაც მის გემოვნურ თვისებებს შეცვლიდა. ამის გამო, იმ რაოდენობის მოსავალი ვერ ავიღეთ, რასაც ველოდით. იმისთვის რომ, ბაზარზე ”ჩაი N 101″-ზე არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილო, მოსავალს სოფელ ასკანას მოსახლეობისგან ჩავიბარებ”, – განმარტა გოგიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”გეოაგო-15” -ის მიერ წამოებულ ჩაიზე მოთხოვნა ძალიან მზარდია. პროდუქცია დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიასა და დიდი სავაჭრო ქსელში იყიდება, მათ შორის: ”გუდვილში”, ”ფუდმარტში” და სხვაგან. ჩაი 50 და 100-გრამიან შეფუთვებშია და გასაყიდი ფასი 3-დან – 3.50 ლარამდე მერყეობს.
ამასთან, როგორც გოგიშვილმა აღნიშნა, კომპანია გურიაში ჩაის მინი-საწარმოსაც აშენებს, რომელიც ივნისის თვეში უნდა გახსნილიყო, თუმცა შეზღუდული ფინანსების გამო, მისი გახსნა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო. ”ქარხნის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა უკვე დასრულებულია. მცირე დეტალებიღა დარჩა და სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე ოფიციალურად გავიხსნებით. აქ თავდაპირველად 3 ადამიანი დასაქმდება”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
როგორც გიორგი გოგიშვილმა განმარტა, ”ჩაი N101” ბაზარზე თავს მაღალი ხარისხით იმკვიდრებს.”ვაწარმოებთ ჩაის რამდენიმე სახეობას, მათ შორის, ბიოლოგიურად სუფთა დუყის ჩაის. 6 ჰექტარზე განთავსებულია ინდო–ჩინური ჩაი, ხოლო 2 ჰექტარზე ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი ჯიში, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. ”ჩაი N101”ამზადებს ასევე დუყის წვერის ჩაის, რომელშიც თეთრი ტიფსები არის გარეული, რაც ქმნის უნიკალური ფერისა და გემოს ნაყენს. ვაწარმოებთ მოცვის ჩაისაც,რომელიც გაზაფხულზე იკრიფება ბახმაროს მთებში, არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ”ჩაი N101”- ის 8 ჰექტარი პლანტაციები გურიის მთიან სოფელ ასკანაში მდებარეობს. საწარმოც სწორედ აქ გაიხსნება. მომავალი წლისთვის კი კომპანია დამატებითი პლანტაცების შეძენასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.