LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო

53

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო. როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო და  მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

“მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია,”- განაცხადეს სამინისტროში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.  კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში იურიდიული პირებისათვის გაიცემა რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების –  80%.

აგრეთვე, თანადაფინანსება გაიცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაშიც. იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების  – 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების –  90%.

“პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს, “- განაცხადეს სამინისტროში.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია, პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამისათვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.