სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, კანონში ცვლილებების პროექტი კონსპირაციულად მომზადდა და მასში ინსპექტორის სამსახურს მონაწილეობა არ მიუღა.
“ვერ ვიფიქრებდი, რომ სამსახურის წარმატებული საქმიანობის ორი წლის თავზე მე მომიწევდა თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვართ. ” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისი გნაცხადებით 25 დეკემბერს მისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის მედიით გახდა ცნობილი, რომ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.
“კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.” – აცხადებს თოლორაია.
როგორც ინსპექტორი აცხადებს, კანონპროექტის დაინიცირების დრო წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება და ამავდროულად დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტის პერიოდს.
“რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას.” – აცხადებს თოლორაია.
“თუმცა მე დღეს აქ ვართ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესების დასაცავად.” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მან მიმართა პარლამენტს შეწყვიტოს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების პროცესი.
„ასევე ვთხოვ საერთაშორისო საზოგადოებას, სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს და საზოგადოების თითოეულ წევრს, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ჩაერთონ პროცესში.“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ლონდა თოლოარიას თქმით, ცვლილებების პროექტში პირდაპირ მითითებულია, რომ 1 მარტიდან წყდება შრომითი ხელშეკრულება სამსახურის ყველა თანამშრომელთან.